უცხოეთი
ავტომატებით შეიარაღებული ფრანგი პოლიციელები შეცვივდნენ ოტელში, სადაც რუსი ფანატები იმყოფებოდნენ

 საქართველო, 14 ივნისი, საქინფორმი. საფრანგეთის პოლიციამ მარსელში მასშტაბური რეიდი ჩაატარა იმ სასტუმროში, სადაც რუსეთის ნაკრების გულშემატკივრები ცხოვრობდნენ. ამის შესახებ განცხადება რუსეთის საფეხბურთო ნაკრების გულშემატკივრების გაერთიანების ხელმძღვანელმა ალექსანდრე შპრიგინმა გააკეთა.

 „სასტუმროში მოვიდა 40 პოლიციელი, ავტომატებით, იჭრებოდნენ ნომრებში, დოკუმენტებს ამოწმებდნენ, ფოტოს უღებდნენ ყველას“, - წერს შპრიგინი Twitter-ში.

 შპრიგინმა რადიოსადგურ Говорит Москва-სთან საუბრისას განაცხადა, რომ პოლიციელებმა გულშემატკივრებს მატჩებზე დასასწრები ბილეთებიც მოსთხოვეს.

 „ასევე, რატომღაც ზოგს ალკოჰოლიც გამოართვეს, თუმცა საფრანგეთში მშრალი კანონი არ არის. არავინ არ დაუკავებიათ. არასასიამოვნო პროცედურა იყო, დაირღვა მოქალაქეების უფლებები. როდესაც ნომერში წამოწოლილი ხარ, ისვენებ, შენთან უბრალოდ შემოდის პოლიციელი სასტვენით, ისეთით, მსაჯს რომ აქვს, გთხოვენ წამოდგომას, დიდი ხანი იწერს რაღაცას, რაღაცას გიხსნიან“, - აცხადებს შპრიგინი.