აქტუალური
თავდაცვის მინისტრი: „არ ვაპირებთ ჩვენი ჯარისკაცების მისამართით გამოთქმულ ბრალდებებზე თვალის დახუჭვას“

 საქართველო, 14 ივნისი, საქინფორმი. საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სამშვიდობო ოპერაციების მიმართულებით მომუშავე წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის მთავარი თემა გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის მიერ 29 იანვარს გამოქვეყნებულ ანგარიშში ასახული სექსუალური ძალადობის შესახებ ბრალდებები იყო, რომლებიც ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის მისიაში მონაწილე (EUFOR RCA) ქართველ სამხედროებს ეხებოდა. ამ დროისთვის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საგამოძიებო ჯგუფი ცენტრალურ აფრიკაშია და საქმის შესწავლას ადგილზე აწარმოებს.

 "მეტად მნიშვნელოვანია, ამ ოფისში იცოდნენ, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო არ აპირებს ჩვენი ჯარისკაცების მისამართით გამოთქმულ ბრალდებებზე თვალის დახუჭვას. არ გავჩერდებით, ვიდრე ბოლომდე არ გავარკვევთ სიმართლეს და სათანადოდ არ ვუპასუხებთ იმ ბრალდებებს, რომლებიც ქართველი ჯარისკაცებისა და ზოგადად ქართული ჯარის მიმართ, ჩემი აზრით, სრულიად უმართებულოდ გამოითქვა", - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.