საქართველო, 14 ივნისი, საქინფორმი. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია საბერძნეთში, კუნძულ კრეტაზე დაგეგმილ წმინდა კრებაში მონაწილეობას არ მიიღებს. აღნიშნული გადაწყვეტილება საპატრიარქოში გამართულ წმინდა სინოდის სხდომაზე მიიღეს.
წმინდა სინოდის სხდომას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე ხელმძღვანელობდა.
მართლმადიდებელი ეკლესიების წმინდა და დიდი კრება კუნძულ კრეტაზე 16-27 ივნისს უნდა გაიმართოს. კრების დღის წესრიგის შესათანხმებლად ჟენევაში (შამბეზში) 22-27 იანვარს მართლმადიდებელ ეკლესიათა მეთაურების შეხვედრა ჩატარდა.
მართლმადიდებელ ეკლესიათა წმინდა და დიდი კრებაზე იმსჯელებენ ისეთ საკითხებზე როგორიც არის: მართლმადიდებლური ეკლესიების ურთიერთობა სხვა არამართლმადიდებელ ეკლესიებთან, ქორწინების დამაბრკოლებელი მიზეზები, კერძოდ, შერეული ქორწინებები მართლმადიდებლებსა და არამართლმადიდებელს შორის, ქორწინება ნათესაური კავშირის შემთხვევაში და სხვა. ამ საკითხებთან დაკავშირებით მართლმადიდებელ ეკლესიებს არაერთგვაროვანი დამოკიდებულება აქვთ.