რელიგია
სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავართა კრების მიმართვა ადგილობრივ ეკლესიებს

 საქართველო, 14 ივნისი, საქინფორმი.
სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავართა კრების მიმართვა 20 მაისი, 2016 წ.

14-25 მაისს, 2016 წ. შედგა სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავართა კრება.

სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავართა კრების მიმართვა ადგილობრივი ეკლესიების საჭეთმპყრობლებისა და წმინდა სინოდებისადმი

ყველაზე სასიხარულო ქრისტიანული დღესასწაულის აღნიშვნის დღეებში, ყოველ ადამიანს და ყველა ქმნილებას რომ აღავსებს ერთობის შეგრძნებითა და ქრისტესმიერი გამოხსნის სახარებისეული სიხარულით, – მივესალმებით ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესების წმინდა და დიდ კრებას, რომელიც ღვთის შეწევნით, კრეტაზე, მართლმადიდებლურ აკადემიაში, სულთმოფენობისთვის, 2016 წლის 17-დან 26 ივნისამდე გაიმართება.

ვმსჯელობთ რა დიდ და წმინდა კრებაზე ჩვენი ადგილობრივი ეკლესიის მღვდელმთავართა კრების სხდომაზე, აღვსილნი ვართ ძმური სიყვარულით, პასუხისმგებლობის განცდითა და დიდი სასოებით, და შევახსენებთ საკუთარ თავს და სხვებს, რომ მართლმადიდებელი ეკლესია არის უფლისმიერი კრებული, გაერთიანებული ქრისტეში და სულიწმინდით შემოსილი, მსგავსად წმინდა მოციქულთა კრებულისა, რომელიც ხელმძღვანელობს იმით, რაც სათნოა სულიწმინდისთვის და ჩვენთვის – „ჯერ-უჩნდა სულსა წმიდასა და ჩუენცა“ (საქმე 15, 28). გვახარებს ის, რომ წმინდა და დიდი კრების დაწყება ემთხვევა სულიწმინდის გარდამოსვლის დღესასწაულს, რადგან კრება მოწოდებულია, ეკლესიის კრებულის ცხოვრებაში (κοινωνί) წარმოგვიჩნდეს სულთმოფენობის მადლით შემოსილ მოვლენად. ერთად შეკრებილებმა, „დაე, ერთხმად ვადიდოთ სულიწმინდა, გვწამს, რომ იქ, სადაც არის ეკლესია, სუფევს ასევე სული ღვთისა, ხოლო იქ, სადაც სუფევს სული უფლისა, – არის ეკლესია და სრული მადლი“ (წმინდა ირინეოს ლიონელი. „მწვალებლობათა წინააღმდეგ“. 3, 2, 4, 1). ვაცნობიერებთ რა მომავალი კრების სიდიადესა და მნიშვნელობას, საკუთარ თავს მოკრძალებითა და მღელვარებით ვუსვამთ კითხვას, შეესაბამება თუ არა მომავალი კრება იმ ჭეშმარიტ კრებათა კრიტერიუმებს, რომლებიც ცნობილია მართლმადიდებელი ეკლესიების ისტორიაში. საკუთარ თავს ვეკითხებით ასევე, იქნება თუ არა მომავალი კრება ქრისტეს ეკლესიის ერთობის გამომხატველი, სულიწმინდის მადლით მოსილი კრებული, მამაზეციერის სადიდებლად – იქნება თუ არა ეს ის ერთობა, რომელსაც მუდამ ვმოწმობთ საღმრთო ლიტურგიაზე: „ერთობასა სარწმუნოებისასა და ზიარებასა სულისა წმიდისა მთხოვნელთა…“ საკუთარ თავს და ასევე სხვებს შევახსენებთ, რომ აქ იგულისხმება ერთობა ყოვლადწმინდა სამების მსგავსად („რაჲთა ყოველნი ერთ იყვნენ, ვითარცა შენ, მამაო, ჩემდამო, და მე შენდამი, რაჲთა იგინიცა ჩუენ შორის ერთ იყვნენ, რაჲთა სოფელსა ჰრწმენეს, რამეთუ შენ მომავლინე მე“ (ინ. 17:21)), – იგულისხმება ქრისტეს სხეულის (ეკლესიის) ერთობა. ეს ერთობა ქრისტეში არის ღმერთკაცის სხეულთან, – ეკლესიასთან თანაზიარება, რომლის ერთადერთი თავი არის მაცხოვარი, ეკლესია – ესაა მამის სახლი, სულიწმინდის სამყოფელი და ქრისტე მაცხოვრის სხეული. ვუღრმავდებით რა მომავალი კრების თემატიკას, სრული უფლებამოსილებით შეგვიძლია ვიკითხოთ, რამდენად შეესაბამება მომზადებული კრება ერთ წმინდა კათოლიკე სამოციქულო ეკლესიის არსს (როგორც ამას მრწამსში წარმოვთქვამთ). ამგვარად, ვაცნობიერებთ რა ამ დიდი და წმინდა კრების ისტორიულ მნიშვნელობას მართლმადიდებელი ეკლესიის მოწმობისა და მისიის თვალსაზრისით თანამედროვე მსოფლიოში, სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავართა კრება ადგილობრივი ეკლესიების წინამძღოლებსა და წმინდა სინოდის მღვდელმთავრებს წარმოგიდგენთ თავის მოსაზრებებს წმინდა და დიდი კრების შემადგენლობის, თემებისა და სამუშაო რეგლამენტის საკითხებთან დაკავშირებით:

1. წმინდა და დიდი კრების მუშაობის საორგანიზაციო რეგლამენტის საკითხთან მიმართრბაში მიგვაჩნია, რომ შემოღებულია მართლმადიდებელი ეკლესიის კრებებისთვის ამ დრომდე უპრეცენდენტო და უცხო პრაქტიკა, რომელიც გამოიხატება, უპირველეს ყოვლისა, უთანასწორობაში და კრებაში მონაწილე მღვდელმთავართათვის თანაბარი უფლებების არქონაში. ამ რეგლამენტში ვერ ვცნობთ კრების მოწვევის, თავმჯდომარეობის, მისი ჩატარებისა და მუშაობის ხელმძღვანელობის ცოცხალ მრავალსაუკუნოვან გარდამოცემას. ისტორიაში ჯერ არავის არ დაუდგენია და წინასწარ არ განუსაზღვრავს კრების მუშაობის რეგლამენტი – ამას ახორციელებდა კრებითობის საწყისებზე თავად წმინდა კრება. შეიძლება შეგვექმნეს შთაბეჭდილება, რომ კრების მოწვევისა და მისი თავმჯდომარეობის ცნობილი „უფლებების“ ხაზგასმით, კრება დამოკიდებული ხდება ერთ ადამიანზე, თუნდაც რომ ის იყოს პირველი პირი. წმინდა პავლე მოციქული კი ამბობს: „პატივის-ცემასა ურთიერთსა უსწრობდით“ (რომ. 12,10). თუკი ამ რეგლამენტით წინასწარ განსაზღვრული და გაკონტროლებულია კრების მუშაობა, მაშინ კრების წევრთა თავისუფლებისთვის სულიწმინდის მიერ ცოტა ადგილიღა რჩება, ისევ, როგორც იმისთვის, რაც მოციქულებმა გამოთქვეს სიტყვებით: „ჯერ-უჩნდა სულსა წმიდასა და ჩუენცა“ (საქმ. 15, 28).

2. რეგლამენტის ზემოაღნიშნულ ნაკლოვანებებს მივყავართ კრებაზე მყოფი მღვდელმთავრების როლისა და სტატუსის საკითხამდე. ვინ არიან კრებაზე მყოფი ეპისკოპოსები: მონაწილენი თუ დამკვირვებლები? კრების მონაწილეთა რაოდენობის ყოვლადგაუმართლებელი შეზღუდვის გარდა, ასევე გაუმართლებლად მიგვაჩნია ისიც, რომ ყველა ეპისკოპოსს არ აქვს ხმის მიცემის უფლება. ჩვენ გვწამს, რომ ეპისკოპოსისთვის ხმის მიცემის უფლება წინააღმდეგობაში არ მოდის გამოცხადებული კონსენსუსის პრინციპთან (რასაც, რეგლამენტის თანახმად, წინ უძღვის კონსულტაციები) და მიგვაჩნია, რომ მღვდელმთავართა მიერ თავისუფალი და საპასუხისმგებლო კენჭისყრა არ დაარღვევს მართლმადიდებელი ეკლესიის ერთსულოვან მოწმობას სადიდებლად ღვთისა, თაყვანისცემულსა ყოვლადწმინდა სამებისა. ერთიანი ეკლესიის კრებათა გარდამოცემა გულისხმობს ნებისმიერი ეპისკოპოსისთვის ხმის მიცემის უფლებამოსილებას ნებისმიერ კრებაზე – ადგილობრივი იქნება იგი, თუ მსოფლიო. წმინდა და დიდი კრება გვაძლევს შესაძლებლობას წარმოჩინდეს მრავალრიცხოვანი ადგილობრივი ეკლესია (მათი უმრავლესობა) დედაეკლესიის სასახელოდ – როგორც პირველი საყდრის, კონსტანტინოპოლის სადიდებლად, ასევე ყველა ეკლესიის დედის – სიონის დედაეკლესიის სასახელოდ.

3. იმის გათვალისწინებით, რომ ავტოკეფალურ ეკლესიებს შორის ევქარისტიული კავშირის საკითხს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა მართლმადიდებლური ეკლესიის მისიისთვის მსოფლიოში, მიგვაჩნია, რომ საჭიროა ავტოკეფალიის თემის განხილვა, რასაც მუდამ უცვლელად მოითხოვს ჩვენი ეკლესია. ამ კრებას აქვს საკმარისი საღვთისმეტყველო და სამოძღვრო უფლებამოსილება, რათა მოახდინოს კონსტატაცია, რომ დღეისათვის არსებობს თოთხმეტი ავტოკეფალური ეკლესია და ეს საკმარისია, რომ დამტკიცდეს მათი სტატუსი. გარდა ამისა, კრებისწინა მოსამზადებელ სხდომებზე დეტალურად შემუშავდა ავტოკეფალიის თემა და მისი გამოცხადების წესი, ხელმოწერებით დადასტურების წესის გარდა. ამიტომ სრულებით გამართლებულად და მიზანშეწონილად მიგვაჩნია, რომ წმინდა და დიდ კრებაზე მივიღოთ და განვაცხადოთ ის, რაც ათწლეულების განმავლობაში შემუშავდა.

4. ვაღიარებთ რა მართლმადიდებელი ეკლესიის ერთობას და კრებითი გარდამოცემის გარდაუვალობას, – არასწორად მიგვაჩნია იმის მტკიცება, თითქოს მართლმადიდებელ ეკლესიას მრავალი საუკუნის განმავლობაში არ ჰქონია კრება. მართალია, რომ ბოლო საუკუნეებში არც ერთი პანმართლმადიდებლური ან საერთო კრება არ ჩატარებულა. ჩვენი ადგილობრივი ეკლესია გთავაზობთ, დავამოწმოთ 879/880 წწ., წმინდა ფოტიუს კონსტანტინოპოლელის დროს მოწვეული კრების მსოფლიო მნიშვნელობა და ასევე 1351 წელს შემდგარი ისიქასტური კრებისაც, მათი დოგმატურ-ეკლეზიოლოგიური მნიშვნელობის და პანმართლმადიდებლურ სივრცეში მათი აღიარების გათვალისწინებით.

ამ წმინდა კრებათა აღიარებას გთავაზობთ წმინდა მაქსიმე აღმსარებლის სიტყვების დამოწმებით: „ეკლესიის კეთილმორწმუნეობის კანონი დამტკიცებულად და წმინდად აღიარებს იმ კრებებს, რომელთა დოგმატების სისწორეც მან დაამოწმა“.

5. ყველა წმინდა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიის გადაწყვეტილებათა სულისკვეთების შესაბამისად, რომ თითოეული მათგანი მოწოდებულია აქტიურად და უცვლელად მონაწილეობდეს ეკლესიის კრებით საქმიანობაში, ვადასტურებთ, რომ ექვსი მომზადებული დოკუმენტი საფუძველშივე კარგია, თუმცა მოითხოვს შესწორებების შეტანას და დამუშავებას, რათა შესაბამისობაში მოვიდეს ეკლესიის ცხოვრებისა და მისიის მოთხოვნებთან. დოკუმენტი „ეკლესიის მისია თანამედროვე მსოფლიოში“ უნდა გავამდიდროთ სახარებით, ე.ი. სულის ხსნის სოტერიოლოგიური და კოსმოლოგიური განზომილებებით, ხოლო დოკუმენტთან – „ურთიერთობა ქრისტიანულ სამყაროსთან“ დაკავშირებით ვფიქრობთ, რომ უკიდურესად შემწყნარებლურმა დამოკიდებულებამ სხვა რელიგიებთან მიმართებაში არ უნდა დააკნინოს მსოფლიოში სახარების ქადაგების აუცილებლობის გაცნობიერება. განსაკუთრებული ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ დიასპორის საკითხი უნდა გადაიჭრას კრებითად, თანხმობისა და პანმართლმადიდებლური კონსენსუსის საფუძველზე, კონსტანტინოპოლის პირველიერარქის თავმჯდომარეობით, მაგრამ თანამოძმეთა და თანამწირველთა თანასწორუფლებიანი მონაწილეობით – მართლმადიდებელ პირველიერარქთა და მათი წმინდა სინოდების თანხმობით.

დასასრულს, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, აღინიშნოს, რომ მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა და დიდი კრება ყველას უნდა მოუწოდებდეს მონანიებისკენ, ქრისტეს სიტყვების შესაბამისად: „აღსრულებულ არს ჟამი და მოახლებულ არს სასუფეველი ღმრთისაჲ; შეინანეთ და გრწმენინ სახარებისაჲ“ (მარკ. 1, 15). სწორედ ასე იქნება მართლმადიდებელი ეკლესიის ეს წმინდა და დიდი კრება ცოცხალი, ჭეშმარიტი და მაცხოვნებელი რწმენით აღვსილი, „ერთ გზის მოცემულისა მისთჳს წმიდათა სარწმუნოებისა“ (იუდ. 1, 3), და დაამოწმებს მართლმადიდებლობის ჭეშმარიტ, ღმერთკაცურ და მსოფლიო (ეკუმენურ) ბუნებას დროსა და სივრცეში, რამეთუ „იესუ ქრისტე გუშინ და დღეს და იგი თავადი არს უკუნისამდე“ (ებრ. 13, 8).

პეჩის მთავარეპისკოპოსი,
ბელგრადისა და კარლოვაცის მიტროპოლიტი
და სერბეთის პატრიარქი ირინეოსი
წმინდა სინოდის თავმჯდომარე

წყარო: spc.rs