აქტუალური
“ინციდენტები შეწყდება, როგორც კი ურთიერთობას დავიწყებთ” - საქინფორმი

  საქართველო, 13 ივნისი, საქინფორმი. ჩვენ შევარჩიეთ ბოლო კვირის განმავლობაში რედაქციაში ტელეფონით და ელექტრონული ფოსტით შემოსული, მკითხველთა მიერ ყველაზე ხშირად დასმული შეკითხვები, რომლებსაც საქინფორმის მთავარი რედაქტორი არნო ხიდირბეგიშვილი პასუხობს.

- დაუსჯელად დარჩენილი მკვლელობა ხურჩაში, ახალი ბანერები ავლევში, ქართველი მოქალაქეების მუდმივი დაპატიმრებები სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში ... როდის დამთავრდება ეს?!

- ეს მაშინ დამთავრდება, როცა მეზობლები - საქართველო და რუსეთი - ურთიერთობას დაიწყებენ. როცა ხელმძღვანელები ყურმილს აიღებენ და ერთმანეთს დაურეკავენ, როგორც, მაგალითად, პუტინი და ობამა ურეკავენ ერთმანეთს,  პრეზიდენტ მარგველაშვილის გაბერილი ლოყებივით კი არ გაიბერებიან!

ეს მაშინ დამთავრდება, როცა საქართველოს პირდაპირი და მუდმივი ურთიერთობა ექნება სოხუმთან და ცხინვალთან, და არა დროგამოშვებით, ჟენევაში ან პრაღაში, "აბაშიძე-კარასინის" ფორმატში, ანდა ევროპელების მეურვეობის ქვეშ ინციდენტების თავიდან აცილების და მათზე რეაგირების მექანიზმების ფორმატის ფარგლებში.

ეს მანამდე გაგრძელდება, სანამ საქართველოს ისეთი არაქმედუნარიანი პრეზიდენტი ეყოლება, როგორიც მარგველაშვილია, რომელსაც შეეშინდა, რომ მთელი პრეზიდენტობის მანძილზე ერთხელ მაინც დაერეკა არა მხოლოდ მოსკოვში, არამედ სოხუმში და ცხინვალშიც, რომელთა დანახვა თბილისიდანაც კი შეუძლია, თუ სააკაშვილის ავლაბრის სასახლის მინის გუმბათში ავა!

ეს მანამდე გაგრძელდება, სანამ საქართველოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ისეთი უსაქმური სახელმწიფო მინისტრი ეყოლება, როგორიც არის რესპუბლიკელი პაატა ზაქარეიშვილი, რომელიც ავლაბრის სასახლეში უსინდისოდ მოკალათებულ პრეზიდენტ მარგველაშვილთან ერთად საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტს ასობით მილიონი დაუჯდა!

სანამ ასეთი ბატონები საქართველოს ხელისუფლებაში იქნებიან, ქართველების ურთიერთობა რუსებთან, ოსებთან და აფხაზებთან ისეთივე აბდაუბდა და მოუქნელი იქნება, როგორიცაა "ინციდენტების თავიდან აცილების და მათზე რეაგირების მექანიზმების ფორმატი" და "შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი".