უცხოეთი
ევროპარლამენტმა უარი თქვა საქართველოსთან უვიზო რეჟიმის განხილვაზე

 საქართველო, 10 ივნისი, საქინფორმი. "ოქტომბრამდე ევროპარლამენტში საქართველოსთვის ვიზალიბერიზაციის დაწესების საკითხის განხილვა მოსალოდნელი არ არის" - ამის შესახებ ევროპარლამენტის წევრმა სარიუშ ვოლსკიმ სტრასბურგში, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

 "საუბარი შეეხო საქართველოში დემოკრატიის დეფიციტს. საუბარი იყო პოლიტპატიმრებზე, მედიის დევნაზე, კონკრეტულად "რუსთავი2"-ზე, საკონსტიტუციო სასამართლოზე ზეწოლასა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტში გამართულ საარჩევნო პროცესის დროს დეპუტატებზე ზეწოლაზე. ჩვენ შევთანხმდით, რომ ევროპული დემოკრატიული სტანდარტების მიხედვით საქართველომ მსგავსი შემთხვევები უნდა აღკვეთოს," - განაცხადა სარიუშ ვოლკსკიმ.

 მისივე განცხადებით, საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის დაწესება არ არის დამოკიდებული ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე დემოკრატიის კუთხით.

 "ჩვენ ვამბობთ, რომ საქართველო ვიზალიბერლიზაციას მოგვიანებით მიიღებს, მაგრამ რაც უფრო მეტს გააკეთებს დემოკრატიის დეფიციტის აღმოსაფხვრელად, მით უფრო სწრაფად და მარტივად მოხდება ეს", - აღნიშნა სირიუშ ვოლსკიმ.

 მან ასევე განმარტა, რომ ევროპარლამენტში საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის დაწესების საკითხზე განხილვის გადადება გამოწვეულია ევროკავშირის წევრ ქვეყნების შორის არსებული უთანხმოებით ე.წ. შეჩერების მექანიზმის დაწესების საკითხზე.