პოლიტიკა
საქართველო საერთაშორისო სავალუტო ფონდის ფინანსურ დახმარებას ვარძელაშვილის გამო ვეღარ მიიღებს?!

ladoo16 დეკემბერს საინფორმაციო სააგენტო საქინფორმმა მკითხველს სკანდალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს უმაღლეს ეშელონებში გაჩაღებული კორუფციის, კონკრეტულად კი - შიდა ქართლის ექსგუბერნატორის ლადო ვარძელაშვილის მიერ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრი ქვეყნის, უფრო ზუსტად - გერმანიის მიერ საერთაშორისო დახმარების პროგრამის ფარგლებში 2008 წლის საბრძოლო მოქმედებების დროს დაზარალებული გორის საცხოვრებელი სექტორის აღსადგენად გამოყოფილი 8 მლნ ევროდან 4 მლნ ევროს დატაცების შესახებ.

მოკლედ შეგახსენებთ, თუ რა აცნობა მაშინ სააგენტოს ინკოგნიტო წყარომ: „ახლახან გერმანიის მთავრობამ, საქართველოს საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის ჰაიდი ტალიავინის მონაწილეობით, საქართველოს მთავრობის მიერ გამოყოფილი თანხების (8 მლნ ევროს) მიზნობრივი გახარჯვა შეამოწმა. შემოწმების შედეგად გაირკვა, რომ მიზნობრივი საჭიროებებისათვის საქართველოს ხელისუფლებამ მხოლოდ საწყისი თანხის ნახევარი (4 მლნ ევრო) გახარჯა, ხოლო დანარჩენი ნაწილი, კომპეტენტური ევროპელი ექსპერტების აზრით, სავარაუდოდ, შიდა ქართლის მაშინდელმა სამხარეო გუბერნატორმა ვლადიმერ (ლადო) ვარძელაშვილმა მიითვისა“. იმავე წყაროს ცნობით, „ოფიციალური ბერლინი, მიუხედავად სოლიდური ექსპერტების უკიდურესი აღშფოთებისა, დროებით თავს იკავებს ამ ფაქტის საჯაროდ გამოტანისგან, რადგან სურს ევროკავშირის სტრუქტურებში მისი დამატებით განხილვა და საქართველოს ხელისუფლებისგან ამომწურავი ინფორმაციის მიღება ამ საკითხზე“.

როგორც ჩანს, გერმანიის მთავრობამ უკვე განიხილა ეს აღმაშფოთებელი ფაქტი ევროკავშირის სტრუქტურებში, სადაც ერთობლივი გადაწყვეტილება მიიღეს: ა.წ. 28 დეკემბერს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა კახა ბაინდურაშვილმა განაცხადა, რომ „საქართველოსთვის საერთაშორისო სავალუტო ფონდის ფინანსური დახმარების საჭიროება აღარ არის“ და რომ „სსფ–ს პროგრამები საქართველოში დასრულების სტადიაშია, თუმცა გადმორიცხვები ამ დროისათვის უკვე შეწყდა“. რაც შეეხება სსფ–თან შემდგომ თანამშრომლობას, ბაინდურაშვილის თქმით, წინასწარი მოლაპარაკებები ამ საკითხზე უკვე დაწყებულია, თუმცა „საქართველოს მხარესა და ფონდის ექსპერტებს მიჩნიათ, რომ ქვეყანამ უკვე დაძლია კრიზისი და ისეთ აქტიურ დახმარებას აღარ საჭიროებს“ (?!). „ თავის დროზე ეს პროგრამა 2008 წლის აგვისტოში შემუშავდა და იმავე წლის მეოთხე კვარტალში გადაიხედა. ძირითადი აქცენტი კეთდებოდა ომის შემდგომი პრობლემების დაძლევასა და ანტიკრიზისულ ღონისძიებებზე. ამ ეტაპზე ჩვენც და სსფ–ს ექსპერტებიც ვთვლით, რომ საქართველომ უკვე დაძლია კრიზისი და შედეგად, პროგრამის გაგრძელების საჭიროება აღარ არსებობს“, – განაცხადა მინისტრმა.