აქტუალური
სოფელ ავლევთან ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების უკანონოდ აღმართვის თაობაზე სუს-ი განცხადებას ავრცელებს

 საქართველო, 10 ივნისი, საქინფორმი. უწყების განმარტებით, რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ძალების მიერ აღნიშნული ბანერების არალეგალური მონტაჟი წარმოადგენს მორიგ პროვოკაციულ ქმედებას.

 "მიმდინარე წლის 6 ივნისს რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ძალების მიერ ქარელის რაიონის სოფელ ავლევის მიმდებარე ტერიტორიაზე, ადგილობრივი მოსახლეობის მფლობელობაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე, ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები უკანონოდ იქნა აღმართული. რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ძალების მიერ აღნიშნული ბანერების არალეგალური მონტაჟი წარმოადგენს მორიგ პროვოკაციულ ქმედებას, რომელიც მიმართულია ადგილზე ვითარების დესტაბილიზაციისკენ და საფრთხეს უქმნის მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფას", - ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 უწყებაში აღნიშნავენ, რომ აღნიშნული უკანონო ქმედება ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის  28 ივნისს დაგეგმილ შეხვედრაზე იქნება განხილული.