აქტუალური
საქართველო მშვიდობის გლობალურ რეიტინგში 163 ქვეყანას შორის 85-ე ადგილს იკავებს

 საქართველო, 10 ივნისი, საქინფორმი. გასულ წელთან შედარებით, საქართველომ პოზიცია შვიდი საფეხურით გააუმჯობესა. 2015 წლის ანგარიშის თანახმად, ქვეყანა 92-ე ადგილზე იყო, 2014 წელს კი 117-ე ადგილს იკავებდა.

ანგარიშში საცხოვრებლად ყველაზე საშიშ ქვეყნად სირიაა აღიარებული. ის რეიტინგში 163-ე ადგილს იკავებს.  სირიას მოსდევს სამხრეთ სუდანი, ერაყი, ავღანეთი და სომალი.

ყველაზე მშვიდობიან ქვეყნად კი ისლანდიაა დასახელებული. პირველ ხუთეულში ასევე მოხვდნენ დანია, ავსტრია, ახალი ზელანდია და პორტუგალია.

ევროპა მსოფლიოში კვლავ ყველაზე მშვიდობიან რეგიონად რჩება, თუმცა სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ევროპულ ქვეყნებში ტერაქტების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა.