აქტუალური
ბიძინა ივანიშვილი: „ფინანსურ გარანტად დავდგები, რომ არჩევნებამდე "რუსთავი 2"-ის მენეჯმენტს არ შეეხონ!“

 საქართველო, 9 ივნისი, საქინფორმი. 2016 წლის 7 ივნისს საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი საერთო ეროვნული მაუწყებლების წარმომადგენლებს შეხვდა.  საქართველოს ექსპრემიერთან შეხვედრა 2 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. ბიძინა ივანიშვილი ჟურნალისტებთან მორიგ შეხვედრას 14 ივნისს გამართავს. 

 თქვენ უნდა შეეჩვიოთ და გააცნობიეროთ, რომ კანონი ყველაზე მოქმედებს - თქვენზეც, თქვენი გუნდის ლიდერებზეც და ჩვენზეც - ასე მიმართა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტ ეკა კვესიტაძეს.

 „ვერავინ ვერ მოიტანს დღეს საბუთს, რომ ხელისუფლება სასამართლოს აკონტროლებს. თქვენ დროს სასამართლო ტოტალურად ნოტარიუსად იყო გადაქცეული. დღეს სასამართლომ დაიწყო აღდგენა, თვითგამორკვევა. კეთილი ინებეთ, სასამართლოს დაელოდეთ, ერთადერთი მას შეუძლია, გადაწყვეტილება მიიღოს და არა -  ჟურნალისტებმა ან გვარამიამ", - აღნიშნა ივანიშვილმა.

 „ჯერ პროცესი სააპელაციო სასამართლოში არ დასრულებულა, შემდეგი ინსტანცია უზენაესი სასამართლოა. მე პირადად გარანტად დავუდგებოდი, ხალვაში იქნებოდა თუ დვალი, ვთხოვდი - ფინანსურად თუ რამე ზარალი იქნებოდა, პირადად ავუნაზღაურებდი, რათა თუ მოხდა და სასამართლო დასრულდა მათ სასარგებლოდ, არ შეეხონ გვარამიას, არ შეეხონ მენეჯმენტს. „რუსთავი 2“ დღეს ძალიან კარგი ინსტრუმენტია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მაქსიმალური შედეგი მიიღოს“, - აღნიშნა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა.