აქტუალური
პრემიერ-მინისტრი ბიზნესსექტორში დასაქმებულთა რაოდენობის ზრდას მიესალმება

 საქართველო, 8 ივნისი, საქინფორმი. 2016 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, საქართველოში ბიზნესსექტორში დასაქმებულ ადამიანთა რაოდენობა 5.9%-ით გაიზარდა და აბსოლუტურ მაჩვენებელში 577 ათასი ადამიანი შეადგინა - ეს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებია, რომლებიც, პრემიერ-მინისტრის შეფასებით, სასიხარულოა.

 „2016 წლის 1 კვარტალის მონაცემებით, ასევე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა სამშენებლო სექტორში. პირველი კვარტალის მონაცემებით, გამოშვებული პროდუქციის მაჩვენებელი 44%-ით არის გაზრდილი, რაც განპირობებულია  დიდი მოცულობის სამუშაოების შესრულებით როგორც სახელმწიფო სექტორში - ავტომაგისტრალების, შიდა გზების, ჰიდროელექტროსადგურების, ისე კერძო სექტორში - მრავალფუნქციური დანიშნულების საცხოვრებელი შენობების, ოფისების, სასტუმროების, მაგისტრალური კავშირგაბმულობის ხაზების და სხვა ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეკონსტრუქციით“, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე.

 პრემიერის შეფასებით, ბოლო თვეებში აღინიშნება ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის მნიშვნელოვანი ზრდა, რაც ინვესტორთა განწყობის გაუმჯობესებას და მოლოდინების სტაბილიზაციას უკავშირდება.

 „ინვესტორები დადებითად აღიქვამენ ამ არაერთ პოზიტიურ მონაცემს, მათი მოლოდინებიც კიდევ უფრო პოზიტიური იქნება და მოიმატებს ინვესტიციები როგორც ქვეყნის შიგნით, ისე პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ქვეყნის გარედან, მით უმეტეს, რომ ჩვენ განვახორციელეთ და პარლამენტმა უკვე მიიღო საგადასახადო ლიბერალიზაციის მნიშვნელოვანი პაკეტი, რომელიც მომავალი წლის პირველი იანვრიდან კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის ეკონომიკურ გარემოს“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.