აქტუალური
გიორგი ვაშაძემ სამოქალაქო პლატფორმა "ახალი საქართველო" დააფუძნა

 საქართველო, 7 ივნისი, საქინფორმი. მიუხედავად ცუდი ამინდისა, აქ ვართ და როგორც კი დავიწყეთ ღონისძიება, გამოვიდა კაშკაშა მზე, ასე გამოვა კაშკაშა მზე მთელ საქართველოში, -  განაცხადა ”ახალი საქართველოს” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ პარლამენტის წინ, სამოქალაქო პლატფორმის დაფუძნების ღონისძებაზე.

 ”ახალი პოლიტიკური პლატფორმის შექმნაზე განცხადება რამდენიმე კვირის წინ გავაკეთე. იმ მომენტში ჩემს გვერდით იდგა სულ რამდენიმე თანამოაზრე, მაგრამ უკვე მაშინ მქონდა თქვენი იმედი, რომ საქართველოში უამრავი ენერგიული, სამშობლოზე შეყვარებული გონიერი ადამიანია, რომლებსაც ყელში ამოუვიდათ პოლიტიკოსების ეგოცენტრიზმი, უუნარობა, თავგასულობა და აღარ უნდათ, იყვნენ მათი კაპრიზებისა და ხუშტურების მძევალი. იმ დღიდან გავიდა დაახლოებით ერთი თვე და ჩვენ უკვე ათასობით ვართ საქართველოს ყველა რეგიონიდან. დღეს ჩვენ გვაქვს საქართველოში 25 ოფისი, რომლებიც გახსნილია ჩვენი მხარდამჭერების სახლებში, საცხოვრებელ ადგილებში. შევიკრიბეთ რუსთაველის გამზირზე, რომელიც ასოცირდება თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის ბრძოლასთან, სადაც ჩვენი ქვეყნის ყველაზე დრამატული და გარდამტეხი მოვლენების შედეგად იწყებოდა ქვეყნის განვითარების ახალი ეტაპები”, - განაცხადა ვაშაძემ.