აქტუალური
თავდაცვის მინისტრი ამერიკელ კონგრესმენებსა და სენატორს შეხვდა

 საქართველო, 7 ივნისი, საქინფორმი. პოლონეთში მიმდინარე ვროცლავის გლობალური ფორუმის ფარგლებში თინა ხიდაშელი ამერიკელ სენატორ ჯო მანჩინის და აშშ–ის კონგრესის წარმომადგენლებს ტედ პოსა და ჯან შაკოვსკის შეხვდა. საუბრის მთავარი თემები აშშ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობები და სტრატეგიული პარტნიორისგან თავდაცვისუნარიანობის სფეროში დახმარების გაზრდა იყო.

თინათინ ხიდაშელმა პოლონეთში ვიზიტი დაასრულა და ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში გაემგზავრა. თავდაცვის მინისტრი ვარშავის სამიტამდე ნატოს წევრ ქვეყნებში ვიზიტებს განაახლებს. ავღანეთის შემდეგ ის ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვევა.

დაგეგმილია თავდაცვის მინისტრის სტუმრობა გაეროს შტაბ-ბინაში, სადაც საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში 2014 წლის შემოდგომის მისიის საქმეზე მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავს. ვარშავის სამიტის მოლოდინებსა და საქართველოს საჰაერო თავდაცვის გაძლიერებაზე საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი საფრანგეთში, ფრანგ კოლეგასთან - ჟან-ივ ლე დრიანთან ისაუბრებს. ნატოს წევრი ქვეყნების დედაქალაქებში ვიზიტს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბრიუსელში სტუმრობით დაასრულებს, სადაც 14-15 ივნისს ნატოს თავდაცვის მინისტერიალია დაგეგმილი.