აქტუალური
თინა ხიდაშელის ინიციატივით შექმნილი საგამოძიებო ჯგუფი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში საგამოძიებო საქმიანობას შეუდგება

 საქართველო, 6 ივნისი, საქინფორმი. ქართულმა მხარემ გაეროს წარმომადგენლებს ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებთან შეხვედრების ორგანიზებაც სთხოვა.

 „მივემგზავრები ნიუ-იორკში, გაეროს შტაბბინაში ყველა იმ პირთან გავმართავ შეხვედრებს, რომელიც პასუხისმგებელი იყო გაეროს ადამიანთა უფლებების უმაღლესი კომისრის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე. უკვე მათგან მოვითხოვთ პასუხებს, რა ფაქტებზე დაყრდნობით მოხდა ამ ბრალდებების წაყენება. მცდარია, ფუნდამენტური შეცდომაა, როდესაც არ გაქვს მტკიცებულება, არ შეგიძლია საქმესთან დაკავშირებით რამის წარმოდგენა და შენ თავს აძლევ უფლებას, ასეთი ტიპის განცხადებები აკეთო კონკრეტული ქვეყნის კონკრეტულ სამხედრო კონტინგენტთან დაკავშირებით. არ არსებობს კოლექტიური ბრალი, ვიღაც ადამიანმა ან ჩაიდინა დანაშაული, ან - არა. ამიტომ ჩემი ამოცანა ძალიან მარტივია - ერთი მხრივ, გუნდი ცენტრალურ აფრიკაში შეეცდება, ყველა ინფორმაცია წამოიღოს, რაც კი ადგილზე არსებობს. მე უკვე გაეროში შევეცდები, მივიღო მათგან პასუხები იმისათვის, რომ ეს თემა ძალიან მალე დავასრულოთ და ჩვენი ბიჭების უდანაშაულობა დავამტკიცოთ, - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

 საგამოძიებო ჯგუფი თავდაცვის უწყების სამხედრო პოლიციის, გენერალური ინსპექციის, საერთაშორისო ურთიერთობათა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის დეპარტამენტების წარმომადგენლებითაა დაკომპლექტებული. ჯგუფის წევრები არიან ასევე საქართველოს მთავარი პროკურატურის პროკურორი და დამოუკიდებელი ექსპერტი.

 უცხოელი სამხედროების მიერ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში არასრულწლოვანთა მიმართ სავარაუდო სექსუალური ძალადობის შესახებ განცხადება გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა 29 იანვარს გააკეთა. ამის შემდეგ, საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით, 8-კაციანი საგამოძიებო ჯგუფი შეიქმნა.