უცხოეთი
„ევროკავშირმა საქართველო იქამდე მიიყვანა, რომ მან ორი რეგიონი დაკარგა!“ – თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

 საქართველო, 3 ივნისი, საქინფორმი.

 „თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ ფაქტობრივად დაადასტურა, რომ უკრაინის კრიზისის და საქართველოში 2008 წლის ომის მიზეზი ევროკავშირის პოლიტიკაა“, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა.

 მისი თქმით, რუსეთის გარდა სხვა ქვეყნებმაც დასავლეთის არაშორსმჭვრეტელურ პოლიტიკაზე ღიად საუბარი დაიწყეს.

 თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ ევროკავშირის ქვეყნები თურქეთთან მიმართებაში ვერ აწარმოებენ პოლიტიკას პრინციპით; „ან ჩვენთან ერთად ხართ, ან არ ხართ“, როგორც ამას უკრაინისა და საქართველოსთან მიმართებაში აკეთებდა. მისი თქმით, დასავლეთი დამნაშავეა იმაში, რომ საქართველომ ორი რეგიონი დაკარგა. თურქმა მინისტრმა მოუწოდა ევროკავშირს ამ მიდგომაზე უარი თქვას.

 „ეს საკმაოდ საინტერესო ინფორმაციაა მათთვის, ვისაც არ სჯერა, რომ უკრაინის კრიზისის და საქართველოში 2008 წლის ომის პროვოცირება დასავლელი პარტნიორების გაუაზრებელმა პოლიტიკამ გამოიწვია. არა მგონია, რომ ჩავუშოღლუ ვინმემ პრორუსულ განწყობაში დაადანაშაულოს“, – დაწერა ზახაროვამ ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე.