აქტუალური
პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში დაგეგმილი ნატოს სამიტისთვის მზადება აქტიურ ფაზაშია შესული

 საქართველო, 2 ივნისი, საქინფორმი. საქართველოს თავდაცვის მინისტრი ევროპისა და ამერიკის კონტინენტებზე ნატოს წევრ ქვეყნებში მიემგზავრება. საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი პოლონეთში, ვროცლავის გლობალურ ფორუმშიც მიიღებს მონაწილეობას და სიტყვით გამოვა პანელზე შევინარჩუნოთ ევროპული უსაფრთხოება.

 „ამავე ვიზიტის ფარგლებში, ერთი დღით ჩავალ ნიუ-იორკში, სადაც გაეროში ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით გავმართავთ შეხვედრებს, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.

 თინათინ ხიდაშელი 14-15 ივნისს ბრიუსელში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შტაბბინაში დაგეგმილ ნატოს თავდაცვის მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას. „ბრიუსელში თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში ბევრი ორმხრივი შეხვედრაა დაგეგმილი. იმედი მაქვს, რომ ივნისის ბოლომდე ჩვენ მოვახერხებთ, პრაქტიკულად, მრავალი ქვეყანა დავფაროთ. მინისტერიალი ამაში ძალიან გვეხმარება, ვინაიდან იქ ძალიან ბევრი ქვეყნის თავდაცვის მინისტრია ჩამოსული და ადგილზე ეს საშუალებას გვაძლევს, რომ ქვეყნებში ვიზიტების გარეშე დავფაროთ მრავალი ქვეყანა. შევაჯერებთ ყველა წინადადებას, რომელიც თებერვალში თავდაცვის სამინისტრომ წარადგინა ნატოს თავდაცვის მინისტერიალზე და რომლის მთავარი მიზანი და ამოცანაა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება, უფრო მეტი საშუალების შექმნა ჩვენი ქვეყნისთვის, რომ ის უკეთ იყოს დაცული მიწაზეც, ზღვაშიც, ცაშიც, პარტნიორებთან ურთიერთობაშიც. ფორმულა - მეტი ნატო საქართველოში, მეტი საქართველო ნატოში - რეალურად აისახოს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ზრდაზე“, - აღნიშნა თინათინ ხიდაშელმა.