საქართველო, 2 ივნისი, საქინფორმი. უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ დადებითად შეაფასა ოდესის გუბერნატორის - მიხეილ სააკაშვილის მუშაობა და განაცხადა, რომ სააკაშვილი გუნდის საიმედო წევრია. ამის შესახებ მან განაცხადა ოდესის გუბერნატორთან სამუშაო შეხვედრაზე - იტყობინება პრეზიდენტის პრეს-სამსახური.
პრეზიდენტმა სააკაშვილს დაავალა რომ პირად კონტროლზე აიყვანოს ოდესა-რენის გზის მშენებლობა. მან განაცხადა, რომ ამ პროექტში მონაწილეობით დაინტერესებულია რუმინეთი და ბულგარეთი და გამოთქვა რწმენა, რომ გამოიძებნება გზის მშენებლობის დაფინანსების რამდენიმე წყარო.
სახელმწიფოს მეთაურმა ასევე აღნიშნა ახალი საბაჟო ტერმინალის მშენებლობის დაჩქარების აუცილებლობა. პრეზიდენტმა ამასთანავე აღნიშნა იმ გარდაქმნების წარმატებული ხასიათი, რაც ოდესის საბაჟომ გაიარა ბოლო წლის განმავლობაში.
პოროშენკომ განაცხადა, რომ მოუწოდა გენერალურ პროკურორს, სასწრაფოდ დანიშნოს ოლქის ახალი პროკურორი.
"ყველა პირობაა შექმნილი იმისათვის, რომ მიღებულ იქნას კონკრეტული პრაქტიკული შედეგი. მინდა დაგარწმუნოთ, რომ თქვენ მხარს გიჭერთ პრეზიდენტიც, პრემიერ-მინისტრიც, მთავრობაც, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ უზრუნველყოს რეფორმების ეფექტური, სასწრაფო განხორციელება", - აღნიშნა პოროშენკომ.
პრეზიდენტმა განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების შტაბის ფუნქციონირებას ოდესაში და დაავალა გუბერნატორს, გაუწიოს სრული მხარდაჭერა ამ საკითხს და გარდა ამისა, დაეხმაროს იმ სამხედრო მეზღვაურებს, რომლებიც გამოვიდნენ ყირიმიდან და სამხედრო ფიცის ერთგულები დარჩნენ.
პოროშენკომ აგრეთვე მოუწოდა სააკაშვილს, გაააქტიუროს მუშაობა ინვესტიციების მოზიდვისა და დაცვის მიმართულებით და ოდესის ოლქის ტურისტული პოტენციალის განვითარებისათვის.