რედაქტორისგან
26 მაისს საქართველომ რეგიონული უსაფრთხოების მთავარ საფრთხეზე - აშშ-ზე დამოკიდებულების 25-ე წლისთავი აღნიშნა - არნო ხიდირბეგიშვილი პრემიერ კვირიკაშვილის პუბლიკაციაზე კომენტარს აკეთებს

 2016 წლის 27 მაისს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გამოცემა Newsweek-ში გამოაქვეყნა სტატია “საქართველო თავისი დამოუკიდებლობის მეოთხედ საუკუნეს აღნიშნავს” («GEORGIA CELEBRATES A QUARTER CENTURY OF INDEPENDENCE»), რომელშიც, კერძოდ, ნათქვამია, რომ ჩვენთან ერთად მილიონობით ევროპელმა და ამერიკელმა გაიზიარა დამოუკიდებლობის სიხარული, რომელიც საქართველომ მათი დახმარებით მოიპოვა.

 “დადგა დრო, კიდევ ერთხელ დავადასტუროთ და განვამტკიცოთ ქართულ-ამერიკული ურთიერთობა, როგორც რეგიონული უსაფრთხოებისა და ეკონომიკური განვითარების საყრდენი. საქართველო ევროპულ ფესვებს დაუბრუნდა და სწორედ იქ აპირებს დარჩენას”, - აცხადებს პრემიერი კვირიკაშვილი და სტატიაში პასუხობს მათ, ვინც შიშობს, რომ საქართველოს ნატო-ში მიღება რუსეთის პროვოცირებას გამოიწვევს. “ეს ალოგიკურია, - მიიჩნევს პრემიერი, - ჩვენ გავლენის სფეროებში არ ვცხოვრობთ. საქართველოს წევრობა ნატო-ში პირდაპირ ემსახურება რუსეთის ინტერესებს, რამეთუ ამგვარად მისი მეზობელი ტერიტორია დაცული იქნება”.

 თავს უფლებას მივცემ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ახალი პუბლიკაციის ზემოთ მოყვანილ თეზისებს არ დავეთანხმო. უპირველეს ყოვლისა, დასავლურ მენტალიტეტს კარგად ვიცნობ და ძალიან მეპარება ეჭვი, რომ “მილიონობით ამერიკელი და ევროპელი ჩვენი დამოუკიდებლობით ჩვენთან ერთად ხარობს”. ვფიქრობ, რომ ქართველებზე გაცილებით ნაკლებად პოლიტიზებულ მილიონობით ამერიკელსა და ევროპელს დღემდე წარმოდგენაც არა აქვთ საქართველოს თანაარსებობაზე და საგარეო პოლიტიკა დიდად არ აინტერესებთ. მილიონობით ამერიკელმა და ევროპელმა, ქართველებისგან განსხვავებით, მხოლოდ საკუთარი ქვეყნის პრეზიდენტის გვარი იციან, რომელსაც არჩევნებზე საერთაშორისო საქმეების მართვის უფლებას გადასცემენ ხოლმე. მთელი დანარჩენი დროის განმავლობაში ქართველებზე გაცილებით უფრო პრაგმატული მილიონობით ამერიკელი და ევროპელი მუშაობს და მათი შრომის ანაზღაურების შესაბამისად ისვენებს.

 ახლა რაც შეეხება თავად “დამოუკიდებლობას”. 26 მაისი დამოუკიდებლობის დღე არ გახლავთ, არც დე იურე და არც დე ფაქტო საქართველოს არასოდეს მიუღია ან აღუდგენია თავისი დამოუკიდებლობა 26 მაისს, ამიტომ ამ დღის, როგორც დღესასწაულის აღნიშვნა - არასწორი და ამორალურია.

 უფრო ლოგიკურია საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა 31 მარტს - როდესაც 1991 წელს საქართველოში სახელმწიფო დამოუკიდებლობის აღდგენის შესახებ რეფერენდუმი ჩატარდა, რომელშიც ამომრჩეველთა 90,5%  მონაწილეობდა და მათმა 98,93%-მა სახელმწიფო დამოუკიდებლობას დაუჭირა მხარი. აფხაზეთს და სამაჩაბლოს რეფერენდუმში მონაწილეობა არ მიუღიათ და საქართველოს შემადგენლობიდან გასვლის სურვილი განაცხადეს. აი, ასე გახდა საქართველო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთისგან დამოუკიდებელი.

კიდევ უფრო ლოგიკურია, დამოუკიდებლობის დღე 9 აპრილს აღვნიშნოთ, როდესაც საქართველოს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ ზვიად გამსახურდიამ 1991 წელს საქართველოს სახელმწიფო დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა. ასე გახდა საქართველო რუსეთისგან დამოუკიდებელი.

 გამოდის, რომ 2016 წლის 26 მაისს საქართველომ აღნიშნა რუსეთისგან, აფხაზეთისგან, სამაჩაბლოსგან საქართველოს დამოუკიდებლობის და ამერიკაზე დამოკიდებულების 25 წლისთავი!

 რაც შეეხება თარიღს - 26 მაისს, პრემიერი რამიშვილით დაწყებული და პრემიერი კვირიკაშვილით დამთავრებული, ეს დღე ქართველებისთვის სირცხვილის, გლოვის და დამოკიდებულების დღეა, იმიტომ რომ 1918 წლის 26 მაისს რსდმპ ცკ-ის წევრმა, მენშევიკმა ნოე რამიშვილმა სანაგვეში გადაუძახა გეორგიევსკის ტრაქტატს და რუსეთის იმპერატორების პავლე პირველისა და ალექსანდრე პირველის მანიფესტებს. ამით მან დალეწა ფარი, რომელიც საქართველოს ოკუპანტებისა და აგრესორების - თურქების, სპარსელების, ჩრდილოკავკასიელებისგან იცავდა. ფარი, რომლის მოპოვებას საქართველო 1783 წლიდან ცდილობდა და, ბოლოს და ბოლოს, 1801 წელს მიიღო. შედეგად, შემოჭრილი თურქული ლაშქრისაგან თავის დასაცავად, ნოე რამიშვილის შემცვლელმა და ასევე რსდმპ ცკ-ის წევრმა, მენშევიკმა ნოე ჟორდანიამ საქართველო გერმანიისა და ინგლისის საექსპედიციო კორპუსებს სათრევად დაუთმო.

 ხოლო 2011 წლის 26 მაისს, სისხლისგან ჰაიჰარად გადარეცხილ რუსთაველის პროსპექტზე, სადაც სახურავებზე პოლიციელების მიერ სიჩქარეში შემოდებული გვამები ეწყო, სამხედრო აღლუმმა ჩაიარა, იმიტომ რომ 26 მაისის ღამეს პრეზიდენტმა სააკაშვილმა შსს სპეცდანაყოფების და არმიის ძალებით დამსჯელი ოპერაცია ჩაატარა ქართველი ხალხის წინააღმდეგ, ათასობით ადამიანი დაასახიჩრა, მათ შორის - ქალები, მოხუცები და ჟურნალისტები, ზოგიერთი მათგანი კი დაიღუპა.

 აი, რატომ არის 26 მაისი ქართველებისთვის სირცხვილის, გლოვისა და დამოკიდებულების დღე!

 მაგრამ თუ პრემიერი კვირიკაშვილი ათვლას 1991 წლიდან იწყებს და მხედველობაში აქვს სსრკ-ის დაშლა, მაშინ ძალიან მინდა, შევახსენო მას, რომ ყბადაღებული “დამოუკიდებლობის მეოთხედი საუკუნე” - საქართველოს ისტორიაში საუკეთესო პერიოდი სულაც არ არის. “დამოუკიდებლობის” ამ 25 წლის განმავლობაში საქართველომ არა მარტო თავისი ტერიტორიის 20% და თავისი მოქალაქეები - აფხაზები და ოსები დაკარგა. “დამოუკიდებლობის” 25 წლის განმავლობაში ასიათასობით მოქალაქე - ქართველი და არაქართველი - ემიგრაციაში ან თავის ისტორიულ სამშობლოში გაემგზავრა, რის შედეგადაც საქართველოს მოსახლეობა ორჯერ შემცირდა - 5-დან 2,5 მილიონამდე. ამ წლების განმავლობაში საქართველომ დაკარგა მართლმადიდებელი მეზობლები - რუსები, და რაც მთავარია - საქართველომ დაკარგა ქართველები, იმიტომ რომ ყველა პრეზიდენტი - გამსახურდია, შევარდნაძე, სააკაშვილი - მოდიოდა და მიდიოდა, თავის შემდეგ კი სულ უფრო მეტად გათიშულ საზოგადოებას ტოვებდა, რომელიც დაყოფილი იყო ზვიადისტებად, შევარდნაძისტებად, მიშისტებად...

 პრეზიდენტების ჩამოთვლისას მარგველაშვილი შემთხვევით არ გამომრჩენია - ენა არ მომიბრუნდა, მისთვის პრეზიდენტი მეწოდებინა. და არა იმიტომ, რომ ქვეყნის კონსტიტუციის ბოლო, წინააღმდეგობრივი რედაქციის მიხედვით, საქართველოში  მთავარი პირი პრეზიდენტი აღარ არის, ხოლო ვინ არის - უცნობია... მარგველაშვილს სურდა, ბრუტალური გამოჩენილიყო, ამიტომ ყველა კანონს პრეზიდენტის ვეტოს ადებდა. მაგრამ ეს იმდენჯერ გააკეთა, რომ “ბრუტოს” ნაცვლად მისი ვეტოები “ვესა ნეტო” გახდა, ანუ ყველანაირი წონა დაკარგა, როგორც თვითონ მან! ამიტომ მარგველაშვილი ისტორიაში დარჩება, როგორც ერთგვარი “მასა ნეტო”, რომელიც სააკაშვილის სასახლიდან ვერაფრით გამოათრიეს და მისი “უავგუსტოესი” რჩენა ქართველ ხალხს ასობით მილიონი დაუჯდა!

 Newsweek-ში  კვირიკაშვილის პუბლიკაციას დავუბრუნდები: ვფიქრობ, პრემიერი ცდება არა მხოლოდ “ქართველების დამოუკიდებლობით გახარებული მილიონობით ამერიკელისა და ევროპელის” თაობაზე, არამედ თავად ქართველების სიხარულთან დაკავშირებითაც. იცოდეს ბატონმა კვირიკაშვილმა, რომ “ნაცებად”, “მეოცნებეებად” და ყველა დანარჩენად გაყოფილ ქართველ საზოგადოებაში იმ დღეს ცოტა ვინმეს თუ უხაროდა, ხოლო ეროვნული უმცირესობები - საქართველოს არაქართველი მოსახლეობა - ამ დღეს დღესასწაულად არ მიიჩნევენ, რადგან საქართველოს ხელისუფლებას დღესასწაულებზე ისინი ტრადიციულად ავიწყდება და მხოლოდ არჩევნების დღეს ახსენდება...

 მეტსაც გეტყვით - 3 დღის განმავლობაში უბრალო ადამიანები სამარშრუტო ტაქსებსა და ავტობუსებში, ასევე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მძღოლები “დამოუკიდებლობის დღეს” წყევლიდნენ გადაკეტილი რუსთაველის პროსპექტის, თავისუფლების მოედნის და მიმდებარე ქუჩების მიზეზით ქალაქში გაჩენილი უზარმაზარი საცობების გამო!

 სხვათა შორის, თავისუფლების მოედანს რაც შეეხება: საინტერესო იქნება, გავიგოთ საქართველოს ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრის დამოკიდებულება ისტორიის გაყალბების, კერძოდ - თბილისის ისტორიის გაყალბების მიმართ. ჩვენ სამართლიანად ვიყავით აღშფოთებული, როდესაც სააკაშვილმა ისტორიას ომი გამოუცხადა - ძეგლებს იღებდა, შენობებსა და ხიდებს ამახინჯებდა, “საბჭოთა სიმბოლიკას” ანადგურებდა და ქუჩებს სახელებს უცვლიდა. მაშ, რატომ არ უნდა დავარქვათ თავისუფლების მოედანს ერივანსკის მოედანი და ამით ძველი სახელწოდება დავუბრუნოთ? ის ხომ რუსი გენერალ-ფელდმარშლის, საქართველოს დამცველისა და გამაერთიანებლის, გრაფ პასკევიჩ-ერივანსკის პატივსაცემად მიანიჭეს! განა არ შეიძლება, დედაქალაქის მთავარი მოედანი ატარებდეს იმ ადამიანის სახელს, რომელიც საქართველოსთვის სისხლს ღვრიდა, მას თურქებისა და ლაზებისგან იცავდა, რომლის წყალობით საქართველომ ახალციხე არ დაკარგა და რომელმაც გურია შემოუერთა?!

 შემდეგ. საინტერესოა, წერია თუ არა “დროის კაფსულაში”, რომელიც კვირიკაშვილმა 26 მაისს კავკასიაში რუსეთის იმპერატორის ნაცვლის სასახლის წინ ჩადო, ვისთვის და ვინ ააშენა ეს სასახლე, ისევე, როგორც ძველი თბილისის მთელი ცენტრი? შთამომავლებმა, რომლებიც ამ კაფსულას 2041 წლის 26 მაისს, “რუსეთისაგან საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 50 წლის შემდეგ” გახსნიან, რატომ არ უნდა იცოდნენ მეორე რუსი გენერალ-ფელდმარშლის, გრაფ მიხეილ ვორონცოვის - საქართველოს განმანათლებლისა და ქველმოქმედის შესახებ? რატომ არ დაუბრუნეს მარქსის მოედანს თბილისში მისი ადრინდელი სახელწოდება - ვორონცოვის მოედანი? და იქ აღმართული ვორონცოვის ძეგლი, რომლის დასადგმელად მადლიერმა თბილისელებმა 36 ათასი რუბლი - იმ დროისათვის საკმაოდ მნიშვნელოვანი თანხა - შეაგროვეს?! თეატრები, გიმნაზიები და ბიბლიოთეკები, ქარხნები, ფაბრიკები, ახალი კვარტლები და მტკვარზე გადებული ხიდები სპარსელთა შემოსევების შემდეგ ნანგრევებად ქცეულ ქალაქში, იმ დროს ერთ-ერთი საუკეთესო გაზეთი “კავკასია” (სხვათა შორის, საქართველოში პასკევიჩ-ერივანსკიმაც დააარსა გაზეთი - “ტფილისის უწყებანი”), კავკასიის ისტორიისადმი მიძღვნილი უამრავი წიგნის გამოცემა: შეუძლებელია ყველა იმ სიკეთის ჩამოთვლა, რაც ვორონცოვმა საქართველოსთვის გააკეთა! ანდა განა შესაძლებელია, ჩამოვთვალოთ ყველაფერი, რაც თბილისში ლავრენტი ბერიამ ააშენა?!

 ამიტომ კვირიკაშვილის თეზისი “ქართულ-ამერიკულ ურთიერთობაზე, როგორც რეგიონული უსაფრთხოებისა და ეკონომიკური განვითარების საყრდენზე”, მცდარია, ვინაიდან ისტორიული და გეოპოლიტიკური წინაპირობები არ გააჩნია. აშშ კავკასიაში რეგიონული მოთამაშე სულ რაღაც 25 წლის წინ გახდა და საყრდენი საქართველოში იპოვა, ამიტომ აშშ კავკასიაში აღიზიანებს რუსეთს, რომელიც უკვე მესამე საუკუნეა, აქ არის. შესაბამისად, აშშ კავკასიაში - რეგიონული უსაფრთხოების კი არა, საფრთხის ფაქტორია! ისეთივე საფრთხის (თუ უფრო დიდის არა), როგორიცაა ნატოს წევრი - თურქეთი, რომელიც ყარსის ხელშეკრულების ვადის მალე ამოწურვის მოლოდინშია...

 აშშ, რომელიც “დამოუკიდებლობის” 25 წლის განმავლობაში საქართველოს მხოლოდ იარაღით ტენიდა და, რუსი მეფის ნაცვლებისგან განსხვავებით, აქ ერთი ფაბრიკაც არ აუშენებია, მით უმეტეს არ შეიძლება იყოს საქართველოსთვის “ეკონომიკური განვითარების საყრდენი”. საქართველოს ეკონომიკური განვითარების საყრდენი დღეს გახლავთ რუსეთის ბაზარი (ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის, მინერალური წყლების და ღვინისთვის), რუსული ბიზნესი (რომელიც აქ უამრავ ობიექტს ფლობს ენერგეტიკაში და ქართული ეკონომიკის სხვა სტრატეგიულ დარგებში) და რუსი ტურისტები.

 და კიდევ, ქართული ეკონომიკის საყრდენია 1,5 მილიარდ დოლარზე მეტი, რომელსაც რუსეთის მილიონნახევრიანი ქართული დიასპორა ყოველწლიურად უგზავნის თავის ახლობლებს საქართველოში! მსოფლიოში ყველაზე დიდი დიასპორა, რომელსაც საქართველოში ყველა არჩევნებზე ხმის უფლება ჩამორთმეული აქვს და რომლის დელეგაცია 2016 წლის 27 მაისს, უკვე ზედიზედ მეორედ არ მოიწვიეს თბილისში გამართულ ქართული დიასპორების პროფესიულ ფორუმზე...

 ხოლო კვირიკაშვილის განცხადებაზე იმის შესახებ, რომ “საქართველო ევროპულ ფესვებს დაუბრუნდა და სწორედ იქ აპირებს დარჩენას”, კომენტარის გაკეთებას არც ვაპირებ - მისი კომენტარი თავად კვირიკაშვილმა გააკეთა, როცა 26 მაისს თავის ფეისბუქ-გვერდზე განათავსა GIF-ანიმაცია ეს ჩვენი დღეა”. მასზე ერთმანეთს ცვლიან საქართველოს სიამაყის - მისი ზღაპრული ბუნების, კულტურის და სახელგანთქმული ადამიანების ამსახველი ფოტოები. მაგრამ რამდენიმე პეიზაჟის, ხელოვნების უძველესი უნიკალური ქმნილებების და ქვაზე ნაკვეთი ქართული დამწერლობის ნიმუშების გარდა, ყველა დანარჩენ ფოტოზე წარმოდგენილია საბჭოთა საქართველოს, საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის თვალსაჩინო მიღწევები! ლეგენდარული მსახიობები და სპორტსმენები, სცენები სსრკ-ის დროინდელი სპექტაკლებიდან და კინოფილმებიდან, რომლებმაც მსოფლიო დაიპყრო. და არ არის არცერთი ფოტო, რომელიც საქართველოს “ევროპულ ფესვებს” დაამოწმებს!

 და ბოლოს - სრულიად არადამაჯერებელია პრემიერ-მინისტრის ორიგინალური სენტენცია, რომ “საქართველოს წევრობა ნატო-ში პირდაპირ ემსახურება რუსეთის ინტერესებს, რამეთუ ამგვარად მისი მეზობელი ტერიტორია დაცული იქნება”. გიორგი კვირიკაშვილი რატომღაც “ალოგიკურობაში” ადანაშაულებს ადამიანებს, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ საქართველოს ნატო-ში მიღება რუსეთის პროვოცირებას გამოიწვევს.

 მაგრამ ერთი ამიხსენით, გეთაყვა, როგორ შეიძლება რუსეთის ინტერესებს ემსახურებოდეს, როდესაც მის მეზობლად, სამხრეთ საზღვრებთან, უცებ ჩნდება მისი ტრადიციული მოწინააღმდეგე №1 - სამხედრო ბლოკი ნატო?! და პირიქით - განა ვაშინგტონსა და თბილისში რუსეთს მსოფლიოსა და რეგიონისთვის №1 პოტენციურ საფრთხედ, აგრესორად და საქართველოს ოკუპანტად არ თვლიან, რაც კვირიკაშვილის პუბლიკაციის დასაწყისშივე ხაზგასმულია? მაშ რატომ უნდა იყოს რუსეთი ბედნიერი იმით, რომ ნატო საქართველოს... რუსეთისგან იცავს?! განა ეს ლოგიკურია? ან, როგორც ფილმ “მონანიების” მთავარი გმირი ამბობს, «РАЗВЕ ЭТО НОРМАЛЬНО?!»

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
2016 წლის 27 მაისი
საქართველო, თბილისი