პოლიტიკა
„სოფლის მეურნეობის და წარმოების განვითარებისთვის 50 მილიონი ევროს ღირებულების საფინანსო შეთანხმებას მოეწერა ხელი“ – პრემიერი კვირიკაშვილი

 საქართველო, 30 მაისი, საქინფორმი.  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე ევროკავშირის პროგრამის – „ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისათვის საქართველოში“ (ENPARD Georgia II) მნიშვნელობა შეაფასა.

 „ეს გახლავთ  სოფლის მეურნეობის მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამა. 50 მილიონი ევროს ღირებულების საფინანსო შეთანხმებას მოეწერა ხელი. ეს იქნება სოფლის მეურნეობის, სოფლის განვითარების პოლიტიკის, რეფორმების ხელშეწყობისათვის  და მასთან დაკავშირებული სერვისების გაუმჯობესებისთვის განსაზღვრული დაფინანსება“, - განმარტა პრემიერმა.

 გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა  (EBRD) დაამტკიცა 50 მილიონი დოლარის საკრედიტო ხაზი სპეციალურად იმ ქართული საწარმოებისთვის, რომლებიც შეეცდებიან, საკუთარი წარმოების სტანდარტები მიუახლოვონ ევროპულ სტანდარტებს.

 „ეს არის პროგრამის პირველი ფაზა და ევრობანკი ითანამშრომლებს საქართველოს საბანკო სისტემის წარმომადგენლებთან, რათა ეს საკრედიტო ხაზები ხელმისაწვდომი გახდეს ჩვენი მეწარმეებისთვის“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.