აქტუალური
საკონსტიტუციო სასამართლო იუსტიციის მინისტრის განცხადებას პასუხობს

 საქართველო, 30 მაისი, საქინფორმი. საკონსტიტუციო სასამართლო საქართველოს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებას პასუხობს.

"საქართველოს იუსტიციის მინისტრმა მედიით გაკეთებული განმარტებისას, რომელიც ვენეციის კომისიის შუალედურ დასკვნას უკავშირდებოდა, განაცხადა, რომ საკანონმდებლო ცვლილებების ერთ-ერთი მიზანია, შესაძლებლობა არ მისცეს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს, ხელოვნურად გაიხანგრძლივონ უფლებამოსილების ვადა.

აღნიშნული განცხადება წარმოადგენს საკონსტიტუციო სასამართლოს დისკრედიტაციის და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მორიგ მიზანმიმართულ მცდელობას. საკონსტიტუციო სასამართლო მოუწოდებს იუსტიციის მინისტრს, საჯაროდ დაასახელოს ის შემთხვევები, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა უფლებამოსილება ხელოვნურად იქნა გახანგრძლივებული.

საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის კანონით მინიჭებული უფლებამოსილება, დაასრულოს მიმდინარე საქმეები, ემსახურება კონსტიტუციური მართლმსაჯულების ეფექტურ განხორციელებას და კონკრეტული მოსარჩელის ინტერესების დაცვას. აბსოლუტურად გაუგებარია, რატომ მიიჩნევს იუსტიციის მინისტრი, რომ აღნიშნული რეგულაცია იწვევს მისი გამოყენების მანკიერ პრაქტიკას, რის გამოც საჭიროებს მყისიერ შეცვლას", - ნათქვამია, კერძოდ, განცხადებაში.