პუბლიკაციები
ყრილობაზე შეკრებილ პარტიის აქტივისტებს პაატა ბურჭულაძემ სიტყვით მიმართა

 საქართველო, 30 მაისი, საქინფორმი.

მოძრაობა სახელმწიფო ხალხისათვის“ ლიდერად პაატა ბურჭულაძე აირჩიეს. პაატა ბურჭულაძე მოძრაობის ლიდერად „სახელმწიფო ხალხისათვის“ რეგიონული წარმომადგენლების ხელმძღვანელებმა დაასახელეს. სპორტის ახალ სასახლეში მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისათვის“ პირველი ყრილობა გაიამართა. ყრილობაზე შეკრებილ პარტიის აქტივისტებს სიტყვით პაატა ბურჭულაძემ მიმართა:

ჩემო მეგობრებო, ჩემო თანაგუნდელებო!

მე ბევრ თქვენგანს პირადად ვიცნობ, ბოლო რამდენიმე თვეა ფეხით შემოვიარე საქართველო. ვიყავი კახეთში, გურიაში, სამეგრელოში, იმერეთში, აჭარაში, ქვემო ქართლში. ბევრი პირადად გავიცანი, ბევრს ხელი ჩამოვართვი. ჩემი სურვილინამდვილად არ არის, რომ ქართულ პოლიტიკას კიდევ ერთი პოლიტიკოსი შევმატო ჩემი სახით. ჩვენ უნდა შევცვალოთ საქართველო, ჩვენ ერთად უნდა შევქმნათ ახალი სახელმწიფო, რომელიც ნამდვილად იქნება ხალხისთვის, ამიტომ, ჩვენ მარტო პოლიტიკაში კი არ მოვდივართ, ჩვენ მოვდივართ ამ ქვეყნის ხელისუფლებაში და ეს გარდაუვალია!.

ჩვენ ვიქნებით უფრო ეფექტური, ვიდრე წინა მთავრობები!

ჩვენ ვიქნებით უფრო კაცთმოყვარე და სამართლიანი, ვიდრე წინა მთავრობები!

მე მწამს, რომ ეს მნიშვნელოვანი წუთებია თითოეული ჩვენგანის ისტორიაში, რადგან დღეს იბადება მოძრაობა, რომელიც გამოაღვიძებს მიძინებულ საქართველოს, რადგან დღეს იბადება ძალა, რომელიც არა შუღლით და მტრობით და ერთმანეთის შეურაწყოფით, არამედ სიყვარულით და ერთმანეთის პატივისცემით შექმნის ახალ სახელმწიფოს, სახელმწიფოს ხალხისთვის!.

როგორ გამოვასწორებთ ქვეყნის მთავარ პრობლემას, უმუშევრობას და მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ ვითარებას? ჩვენ გვაქვს გეგმა სწრაფი ეკონომიკური ზრდის მისაღწევად, რომელიც თითოეულ ჩვენგანზე აისახება. ახალი სამუშაო ადგილების შესაქმნელად და სიღარიბის დასაძლევად ჩვენ ვერ დავეყრდნობით მხოლოდ რამოდენიმე გიგანტურ პროექტს, დამატებით განსაკუთრებულ აქცენტს გავაკეთებთ მცირე ბიზნეს პროექტებზე. მაქსიმალური თავისუფლება და ხელშეწყობა უნდა ქონდეს მეწარმეობას! სწორედ ეს იქნება სახელმწიფო ხალხისთვის!.

გვაქვს გეგმა, როგორ დავუბრუნოთ სოფელს სიცოცხლე. მიტოვებულ და დაცარიელებულ მთიან რაიონებში ცხოვრებას აზრი უნდა მივცეთ. არ შეიძლება სოფელში თითქმის ყველა ადამიანი ელოდებოდეს, როდის მიაღწევს მისი ოჯახის ერთი წევრი მაინც საპენსიო ასაკს, რომ ამ პენსიით არჩინოს ოჯახი. ამაზე ვინ უნდა იზრუნოს? სახელმწიფომ, და აი ამიტომაც გვინდა სახელმწიფო ხალხისთვის.

როგორ შევცვლით ეკონომიკას?

  • მეტი აქცენტი გაკეთდება უცხოური ინვესტიციების მოზიდვაზე.
  • მოხდება მცირე და საშუალო ბიზნესის უპრეცედენტო მხარდაჭერა.
  • მეტი საბიუჯეტო სახსრები მოხმარდება განათლებას და ინფრასტრუქტურულ პროექტებს.
  • განხორციელდება საგადასახადო პოლიტიკის ლიბერალიზაცია.
  • გაიზრდება საყოველთაო ჯანდაცვის ეფექტიანობა მიზნობრივ სეგმენტზე,

კერძოდ სოციალურად დაუცველ მოსახლეობაზე.

  • სოფლის მეურნეობის დაფინანსება უფრო მეტად უნდა იყოს მიმართული გრძელვადიან განვითარებაზე; აქცენტი უნდა გაკეთდეს განათლებაზე, ახალ ტექნოლოგიებზე და ინფრასტრუქტურაზე.
  • ჩვენ ვიქნებით უფრო ეფექტური, ვიდრე წინა მთავრობები!
  • ჩვენ ვიქნებით უფრო კაცთმოყვარე და სამართლიანი, ვიდრე წინა მთავრობები!

ჩვენ გვაქვს გეგმა, რომლითაც ეს მოძრაობა უმოკლეს ვადაში შექმნის სხვა საქართველოს, რომელიც ხალხის ნებით იმართება და ხალხის სამსახურში იქნება!. ეს არის ჩვენი გუნდის და პირადად ჩემი მთავარი მიზანი, სხვა ყველაფერი ჩემთვის მეორეხარისხოვანია.

ქუთაისში მითხრეს ერთ ხანდაზმულ ქალბატონს უნდა შენი ნახვა, მაგრამ ლოგინადაა ჩავარდნილი. მივედით დეიდა მარიამთან. წლებია ეს ქალი თურმე სახლიდან ვერ გამოდის. მომიყვა, რომ მხოლოდ 2012 წლის 1 ოქტომბერს, ძალიან მოინდომა, ღმერთს სთხოვა, ძალა მომეციო, მეზობლებს სთხოვა, დამეხმარეთ და დიდი გაჭირვებით წავიდა არჩევნებზე რომ ქართული ოცნებისთვის ხმა მიეცა. როგორც არასდროს ცხოვრებაში, ისე ვიყავი დარწმუნებული, რომ ქვეყანა სწორ გზაზე დადგებოდა და ჩემნაირი ხალხისთვის იქნებოდაო. მე, სახლიდან გამსვლელი აღარ ვარო დედაო მითხრა. გული დამეწვა, ვიცი, რომ უმრავლესობა ამას ფიქრობთ. 2012-ში ყველამ ასე გაიჭირვეთ, ყველამ მოინდომეთ და შეუძლებელი შეძელით.

თქვენმა სიმამაცემ შეცვალა უსამართლო ხელისუფლება და დღეს არავის აქვს უფლება რამე დაგამადლოთ და საკუთარ თავზე დაიბრალოს ეს გამარჯვება. თქვენ გაიმარჯვეთ, მაგრამ სახელმწიფო ისევ აღარ არის ხალხისთვის, როგორც არ იყო წინა მთავრობის დროს. ამიტომ გამარჯვებას გაგრძელება ჭირდება! ღმერთმა გვიცოცხლოს დეიდა მარიამი, რომ ნახოს როგორ დადგება ქვეყანა სწორ გზაზე და როგორი იქნება ახალი სახელმწიფო მისნაირი ხალხისთვის.

დეიდა მარიამ, გთხოვთ კიდევ ერთხელ გაიჭირვოთ და მოხვიდეთ არჩევნებზე!!!

იმიტომ, რომ მეც ისეთივე მოტყუებული ვარ, როგორც თქვენ! იმიტომ, რომ მეც ისეთივე იმედგაცრუებული დამტოვა, ჯერ ნაციონალურმა მოძრაობამ და მერე ქართულმა ოცნებამ, როგორც თქვენ. ჩვენ აღარ უნდა ვიოცნებოთ! ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ!

მეუხერხულება კიდეც, რომ დღეს აქ ზის გურამ გირგვლიანი, სანდრო გირგვლიანის მამა. იმ სანდრო გირგვლიანისა, რომლის სახელის და გვარის გამოყენებით მოვიდა დღევანდელი ხელისუფლება. ბატონო გურამ მე გაძლევთ პირობას, მურუსიძის სინდრომს ჩვენ გავაქრობთ. გავაქრობთ კანონიერად!!!. მე გაძლევთ პირობას, რომ თქვენ არასოდეს ინანებთ, რომ დღეს აქ ზიხართ.

და მე ვაძლევ პირობას ყველა იმ ადამიანს, რომელსაც დაპირდნენ, სამართლის აღდგენას თუმცა მათი სამართალი დღემდე არ აღმდგარა.

ჩვენ ვიყავით პირველები, ვინც გავაპროტესტეთ მურუსიძის დანიშვნა. თავიდანვე ავტეხეთ განგაში, რადგან ცხადი იყო, რომ გირგვლიანის მოსამართლე მურუსიძით ბრუნდებოდა ნაციონალური მოძრაობა ქართული ოცნების სახით. და აი შედეგიც, უკვე სახეზეა მურუსიძისეული გადაწყვეტილებები, გნებავთ „რუსთავი-2“-ზე და გნებავთ ე.წ კაბელების საქმეზე. პოლიტიზირებული სასამართლო,რომელიც ხელისუფლების დაკვეთას ასრულებს, ზუსტად ისე, როგორც ასრულებდა წინა ხელისუფლების დროს.

ჩვენ:

  • გავათავისუფლებთ სასამართლოს.
  • განვახორციელებთ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და უსაფრთხოების სამსახურების რეალურ რეფორმას.
  • განვახორციელებთ ძალოვანი სტრუქტურების დეპოლიტიზირებას.
  • განვამტკიცებთ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს.
  • ვუზრუნველყოფთ საკონსტიტუციო სასამართლოს გაძლიერებას.
  • სამოქალაქო საზოგადოებას ვაქცევთ ხელისუფლების პარტნიორად.
  • ჩვენ ვიქნებით უფრო ეფექტური, ვიდრე წინა მთავრობები!
  • ჩვენ ვიქნებით უფრო კაცთმოყვარე და სამართლიანი, ვიდრე წინა მთავრობები!
  • რას მივიღებთ ამის შედეგად?

მივიღებთ თავისუფალ ადამიანს თავისუფალ ქვეყანაში, ადამიანს, რომელიც სუნთქვას თავისუფლად, ადამიანს, რომელსაც აქვს უფლებები, ადამიანს, რომელიც დაცულია!

 ვხედავ ხალხის საწინააღმდეგო საშინაო პოლიტიკას და ჩამოუყალიბებელ საგარეო პოლიტიკას, ვხედავ ჩინოვნიკების არაპროფესიონალიზმს და დაწინაურებულ ნათესაობას და სამეგობროებს. ვხედავ მოტყუებულ ადამიანებს, რომელთა მოტყუებას კიდევ ერთხელ აპირებენ ამ არჩევნებზე.

ძალიან მაინტერესებს რა დაპირებით ჩავა ქართული ოცნება რაიონებში, რას დაპირდება ხალხს ისეთს, რასაც ჯერ არ დაპირებია, და უფრო მეტად მაინტერესებს, ვნახო ერთი ადამიანი მაინც, ვინც ამ დაპირებას დაიჯერებს. ჩვენი მოძრაობა ღიაა ყველასთვის, ვინც თავს აღარ მოიტყუებს, ვისი მოთმინების ფიალაც აივსო. ჩვენი მოძრაობა ღიაა მათთვის, ვინც საქართველოს მომავალს ხედავს ნატოსა და ევროპულ ოჯახში, ვინც არასოდეს შეეგუება ქვეყნის ოკუპაციას და ვისთვისაც მშვიდობა უმაღლესი ღირებულებაა. ჩვენი მოძრაობა ღიაა ყველა მოქალაქისთვის, განურჩევლად ეროვნებისა და მრწამსისა. ჩვენ აქ გვესწრებიან სხვადასხვა ეროვნების საუკეთესო წარმომადგენლები, საქართველოს ნამდვილი პატრიოტები.

ის, ვინც დაიბადა ჩვენს ქვეყანაში- განურჩევლად ეროვნებისა და მრწამსისა-ყველა ქართველია! ამიტომ ჩვენ ერთად უნდა ავაშენოთ და ვმართოთ ეს ქვეყანა! ჩვენ ერთად ვიქნებით უფრო ეფექტურები, ვიდრე წინა მთავრობები! ჩვენ ერთად ვიქნებით უფრო კაცთმოყვარე და სამართლიანები, ვიდრე წინა მთავრობები!

ჩვენს ქვეყანას უნდა ჰქონდეს გასაგები, მისაღები, საამაყო მომავალი, ჩვენ უნდა ვიცოდეთ როგორი იქნება ჩვენი ქვეყანა სულ რამდენიმე წელიწადში, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, როგორ ქვეყანას წარმოვადგენთ მომავალში უცხოელებისთვის, როგორი ქვეყნის მოქალაქეები იქნებიან ჩვენი შვილები. დღეს სახელმწიფო ამ საკითხებზე დროს არ ხარჯავს. დღეს ეს, არავის საფიქრალი არ არის, დარწმუნებული ვარ რომ ჩვენ არ ვართ და არ უნდა ვიყოთ ევროპელებზე ნაკლები, ამერიკელებზე ნაკლები და ჩვენც უნდა ვიცოდეთ კონკრეტულად რა როლს ითამაშებს საქართველო მსოფლიო პოლიტიკაში, ოღონდ არა მთხოვნელის, მხვეწნელისა და პოლიტიკური ტვირთის როლს.

დღეს მე თქვენ დამასახელეთ ამ ახალი პოლიტიკური მოძრაობის ლიდერად და მე მზად ვარ ავიღო ეს პასუხისმგებლობა. მთელი ჩემი გავლენა, სახელი და ენერგია თქვენ მოგახმაროთ. მე თქვენ მოგყვებით და თქვენს ნებას ვემორჩილები. თქვენ მე ამირჩიეთ და მე სხვა არჩევანი აღარ მაქვს. დღეიდან, მოძრაობა ‘’სახელმწიფო ხალხისთვის’’ იწყებს სვლას ხელისუფლებისკენ. მე მჯერა, რომ ეს იქნება ყველაზე სამართლიანი მოძრაობა, რაც აქამდე უნახავს საქართველოს!. ჩვენ ვიქნებით უფრო ეფექტურები, ვიდრე წინა მთავრობები! ჩვენ ვიქნებით უფრო კაცთმოყვარე და სამართლიანი, ვიდრე წინა მთავრობები!

ძალიან ცოტა დრო დაგვრჩა 8 ოქტომბრამდე! ძალიან ცოტა დაგვრჩა გამარჯვებამდე! საქართველოს სხვა გზა აღარ აქვს ჩვენ გავიმარჯვებთ!!!.

* ჩვენ გპირდებით, რომ საქართველო იქნება ყველა მოქალაქისათვის.

* საქართველო იქნება ეკონომიკურად ძლიერი ქვეყანა.

* საქართველო იქნება სამართლიანი სახელმწიფო.

* საქართველოში ყველას ექნება ერთი და იგივე უფლებები.

* საქართველო ითამაშებს კულტურულ და პოლიტიკურ როლს მსოფლიო პოლიტიკაში.

* ჩვენ გაგვიწევენ ანგარიშს.

* ჩვენ გავიმარჯვებთ.

ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი!.