საქართველო, 27 მაისი, საქინფორმი. ოდესის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მიხეილ სააკაშვილმა გუბერნიის ადმინისტრაციულ შენობაში ჩატარებული ჩხრეკა შეაფასა როგორც „პოლიტიკური პროვოკაცია“. სააკაშვილის ვიდეო-საუბარს ჟურნალისტებთან დღეს ავრცელებს სააგენტო “112 Украина”.
უკრაინის გენერალური პროკურატურის და უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა დღეს ჩხრეკა მოაწყვეს გუბერნატორის თანაშემწის, უკრაინაში საქართველოს ყოფილი კონსულის თეიმურაზ ნიშნიანიძის კაბინეტში და ბინაში. გენპროკურატურა, ასევე, დაინტერესდა ფონდ „На благо Одессы“-ის საქმიანობით, რომელსაც ნიშნიანიძე ხელმძღვანელობს.
სააკაშვილმა სამხედროების კორდონი გაარღვია და ძალით შეიჭრა ოთახში, სადაც ჩხრეკა მიმდინარეობდა. ამის შემდეგ მან დაკავებული თანამშრომლები ოთახიდან გამოიყვანა (ვიდეო იხ. აქ). გავრცელებულ ვიდეოზე ასახულია ის მომენტი, როდესაც მიხეილ სააკაშვილი საუბრობს ადმინისტრაციის შენობის ერთ-ერთ კორიდორში, მის გვერდით კი სამხედრო ფორმაში გამოწყობილი შეიარაღებული ხალხია.
„მე კარები შევამტვრიე იმიტომ, რომ მათ ჩვენი თანამშრომლები ადვოკატების გარეშე და წესების დარღვევით ჰყავდათ ჩაკეტილი. ეს არის სუფთა წყლის პროვოკაცია, რომელიც პროკურატურიდან არარაობებმა შეუკვეთეს ამ ბიჭებს“ – თქვა გუბერნატორმა. სააკაშვილმა განუცხადა იქ მყოფ სამხედროებს, რომ მათ უნდა რცხვენოდეთ აქ ავტომატებით მოსვლის, რამეთუ ქვეყანაში საომარი მდგომარეობაა და მათი ადგილი აქ არ არის. „ვიღაცას არ მოეწონა ის ფაქტი, რომ ჩემს ირგვლივ რაღაც პოლიტიკური ძალა ერთიანდება, ვიღაცას არ მოეწონა, რომ გენპროკურატურა ვამხილე….ესენი მოვიდნენ აქ იმიტომ, რომ თურმე საქართველოს ყოფილ გენერალურ კონსულს რაღაც გადასახადებს ედავებიან…ამის გამო შემოვარდნენ დღეს აქ“ -განაცხადა სააკაშვილნა და კიევში ჩინოვნიკებს მიმართა: „ეი, თქვენ, მეგობრებო, კიევში! თქვენ რა, სულ გაგიჟდით? ყველანი ჭკუიდან გადადექით? ასეთ რაღაცას ჩრდილოეთ კორეის პროკურატურაც კი არ აკეთებს უკვე“.
სააკაშვილის განცხადებით, იგი მიაღწევს პროვოკაციის ორგანიზატორთა დასჯას.