აქტუალური
26 მაისს „დელტამ“ ქართული წარმოების უახლესი საარტილერიო სისტემა GMM-120 წარმოადგინა

 საქართველო, 27 მაისი, საქინფორმი. 26 მაისს თბილისში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურმა ცენტრმა „დელტამ“ ქართული წარმოების 120 მმ–იანი თვითმავალი ნაღმმტყორცნი GMM-120 წარმოადგინა.

მაღალი გამავლობის 3-ღერძიანი სატვირთო ავტომანქანის ბაზაზე დამონტაჟებული ქართული 120 მმ კალიბრიანი თვითმავალი ნაღმმტყორცნი ცეცხლის მართვის, ნავიგაციის და დამიზნების თანამედროვე ციფრული სისტემებითაა აღჭურვილი. მას პოზიციის დაკავება, დამიზნება და  ცეცხლის გახსნა რამდენიმე წამში შეუძლია.

ქართული თვითმავალი ნაღმმტყორცნი აღჭურვილია გლობალური სანავიგაციო სისტემა GPS-ით, ტაქტიკური პლანშეტ-კომპიუტერებით და მაღალ დონეზე დაცული კავშირგაბმულობის სისტემით. თვითმავალი ნაღმმტყორცნის დანიშნულებაა მსუბუქი ქვეითი ან მექანიზებული დანაყოფების საცეცხლე მხარდაჭერა, მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის, საცეცხლე წერტილების, გამაგრებული საინჟინრო ნაგებობების, მსუბუქი ჯავშანტექნიკის და სხვა სამიზნეების განადგურება.