საქართველო, 26 მაისი, საქინფორმი.ოდესის ოლქის გუბერნატორი, საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამშობლოში დაბრუნებას აპირებს, რამდენადაც ის საპარლამენტო არჩევნებში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გამარჯვებაში დარწმუნებულია.
სააკაშვილმა საქართველო 2013 წლის ნოემბერში, საქართველოს ახლადარჩეული პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის უფლებამოსილების ძალაში შესვლის შემდეგ დატოვა. საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მას სისხლის სამართლის რამდენიმე საქმესთან დაკავშირებით დაუსწრებლად წაუყენა ბრალი.
„მე ვაპირებ საქართველოში დაბრუნებას და პროცესებში აქტიურად ჩართვას. რა თქმა უნდა, ძალიან ბევრს ვაკეთებთ უკრაინაში და ჩემთვის ეს არის ერთი და იგივე ბრძოლა… ვაპირებ ბრძოლას ჩვენთან საქართველოში და ჩემთან უკრაინაში“, — განაცხადა სააკაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში.
როგორც მან აღნიშნა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მკაფიო იდეოლოგიას ეფუძნება — აღორძინებისა და განვითარების იდეოლოგიას.