უცხოეთი
ევროპელებს თურქეთის ევროკავშირში გაერთიანების პერსპექტივის არ სჯერათ

 საქართველო, 25 მაისი, საქინფორმი. „Sputnik. მნენიას“ გამოკითხვის მონაცემებით, გამოკითხული ევროპელების თითქმის ნახევარი — 49% მიიჩნევს, რომ თურქეთი ევროკავშირში ვერასდროს შევა და თუ მაინც გახდება მისი წევრი, ეს 10 ან უფრო მეტი წლის შემდეგ მოხდება. ამ მოსაზრებას ემხრობა გერმანელების 58%, ფრანგების 55% და ბრიტანელების 33%. მონაცემები გამოქვეყნდა კვლევის შედეგების საფუძველზე, რომელიც საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოსა და რადიო Sputnik-ის დაკვეთით ფრანგულმა კვლევითმა კომპანია Ifop-მა და ბრიტანულმა კომპანია Populus-მა ჩაატარეს.

 კითხვაზე როდის გახდება თურქეთი ევროკავშირის წევრი“, გამოკითხვაში მონაწილე ფრანგების 17%-მა, გერმანელების 27%-მა და ბრიტანელების 38% —მა უპასუხეს, რომ თურქეთი ევროკავშირის წევრი-ქვეყანა უახლოეს 10 წელში გახდება. კითხვაზე პასუხი ვერ გასცა დიდი ბრიტანეთის მოსახლეობის 29%-მა, საფრანგეთის 28%-მა და გერმანიის მოსახლეობის 15%-მა.

 გამოკითხვა დიდ ბრიტანეთში კვლევითმა კომპანია Populus-მა 2016 წლის 15-21 აპრილის პერიოდში ჩაატარა. საფრანგეთსა და გერმანიაში კი ფრანგულმა კვლევითმა კომპანია Ifop-მა 2016 წლის 14-18 აპრილის პერიოდში.  გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღეს  დიდი ბრიტანეთის (1045), გერმანიისა (989) და საფრანგეთის (1008) მოსახლეობამ. შერჩეული რესპონდენტები მოსახლეობას სქესის, ასაკისა და გეოგრაფიის მიხედვით ასახავენ.