უცხოეთი
აშშ-ის საელჩოს სამხედრო ატაშე რფ–ის თავდაცვის სამინისტროში გამოიძახეს

 საქართველო, 24 მაისი, საქინფორმი. რუსეთის  თავდაცვის სამინისტროში აშშ-ის საელჩოს სამხედრო ატაშე დაიბარეს. ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის უწყება იტყობინება. თავდაცვის საკითხებში აშშ-ის საელჩოს ატაშეს დაბარების მიზეზი რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიერ RC-135-ის ტიპის ამერიკული სადაზვერვო თვითმფრინავის აღმოჩენა გახდა. რუსული მხარის განცხადებით, თვითმფრინავი იაპონიის ზღვის თავზე, რუსეთის საზღვართან საჰაერო დაზვერვას ახორციელებდა.

 “აშშ-ის სამხედრო საჰაერო ძალების თვითმფრინავი ფრენას გამორთული ტრანსპონდერით ასრულებდა. ეკიპაჟმა მარშრუტის შესახებ ინფორმაცია რეგიონის სადისპეტჩერო სამსახურებს არ მიაწოდა. ამასთან, თვითმფრინავი მიფრინავდა იმ სიმაღლეზე, რომელიც გამოიყენება სამოქალაქო ავიაციის ლაინერების მიერ რეგულარული რეისების შესასრულებლად”, – ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.