აქტუალური
სააკაშვილმა „ნაცმოძრაობას“ სკაიპით მიულოცა

 საქართველო, 24 მაისი, საქინფორმი. ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი თანაგუნდელებს სკაიპით დაუკავშირდა და თავისი პარტია „ნაცმოძრაობის“ ორ კანდიდატს გამარჯვება მიულოცა ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში გამართულ შუალედურ არჩევნებში, ზუგდიდის საარჩევნო ოლქსა და ოზურგეთის რაიონის საარჩევნო უბანზე – გურიის ერთ–ერთ სოფელში. მისი თქმით, ეს გამარჯვება ცვლილებების და პოლიტიკური ვითარების შემობრუნების მანიშნებელი იქნება.

 “გილოცავთ ისტორიულ გამარჯვებას. დღეს ეს არის შემობრუნება ისტორიული, იმიტომ, რომ 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ ნაციონალურმა მოძრაობამ მოიპოვა ძალიან მაგარი გამარჯვებები. ეს ნიშნავს იმას, რომ საერთოდ ყველაფერი შემობრუნდა და ყველაფერი დაუბრუნდა სწორ გზას და ეს არის თქვენი დამსახურება, ხალხის დამსახურება. მანდ ძალიან მაგარი ხალხი ხართ. მაგათ იგივე რაღაც სცადეს, რაც 2003-ში, როცა ნიღბებიანი ხალხი დაესხნენ თავს ხალხს და არ შეეშინდათ და უფრო მეტი ხალხი მოვიდა. მათ ესმით, სად არის საქართველო და როგორც წალენჯიხამ დაიწყო თავის დროზე, ეხლა თქვენ დაიწყეთ იგივე“, - განაცხადა სააკაშვილმა, მოუწოდა რა თანამოაზრეებს ახალი „ვარდების რევოლუციისკენ“.