აქტუალური
„ასეული–ბატალიონი–ბრიგადა“ – JTEC–ს სამი საფეხური

 საქართველო, 23 მაისი, საქინფორმი. „ნატო–საქართველოს ურთიერთობა ხარისხობრივად ახალ ეტაპსა და ახალ საფეხურზე გადავიდა“ – ამის შესახებ განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა ნორიოს საწვრთნელ ბაზაზე, სადაც ნატო-საქართველოს წვრთნის და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) პირველი საველე სწავლება გაიმართა.

 საქართველოს შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთ სარდლობის V ქვეითი ბრიგადის 51-ე ბატალიონის „ალფა“ ასეულმა თავდაცვითი ოპერაცია განახორციელა. სწავლების დროს ქვედანაყოფმა „მაილსის“ ლაზერული სისტემები გამოიყენა. JTEC-ის პირველ საველე სწავლებას ცენტრის ქართველი შემფასებლები აკვირდებოდნენ, ნატოელმა პარტნიორებმა კი ქვედანაყოფს მხარდაჭერა გაუწიეს.

 „ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ცენტრი გაცილებით უფრო ფართო მასშტაბებს შეიძენს და მომავალ წელს უკვე ჩვენი შეიარაღებული ძალები ასეულიდან ბატალიონის, შემდეგ ბრიგადის დონის შეფასებაზეც გადავა. JTEC იქნება იმ ტიპის ადგილი, იმ ტიპის სასწავლო ცენტრი საქართველოში, როგორიც ნატოს ნებისმიერ ქვეყანაში არსებობს და მოემსახურება არა მხოლოდ ქართულ შეიარაღებულ ძალებს, არამედ პარტნიორი ქვეყნების შეიარაღებულ ძალებსაც შეფასების პროცესში“, - აღნიშნა თინათინ ხიდაშელმა.