სამართალი
შსს-ს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტი ENFSI-ის სრულუფლებიანი წევრი გახდა

 საქართველო, 20 მაისი, საქინფორმი. შსს-ს საექსპერტო-კრიმინალისტიკურმა დეპარტამენტმა ესპანეთის ქალაქ ბილბაოში გამართულ ევროპის საექსპერტო დაწესებულებათა კავშირის (ENFSI) ყოველწლიურ კონფერენციაში, როგორც ახალმა სრულუფლებიანმა წევრმა, პირველად მიიღო მონაწილეობა.

კონფერენციას ENFSI-ის თავმჯდომარე ჟან დე კინდერი უძღვებოდა, რომელმაც საქართველოს შსს-ს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტი კავშირის სხვა სრულუფლებიან წევრებს წარუდგინა. ღონისძიებაზე დეპარტამენტის დირექტორ ნუგზარ სუჯაშვილს ENFSI-ის დროშა და სრულუფლებიანი წევრობის დამადასტურებელი სერტიფიკატი გადაეცა.

კონფერენციის ფარგლებში შსს-ს საექსპერტო-კრიმინალისტიკურმა დეპარტამენტმა ENFSI-ის მმართველი საბჭოს ახალი წევრების არჩევის, სამომავლო ღონისძიებებისა და ფინანსური დოკუმენტის დამტკიცების კენჭისყრის პროცესებში მიიღო მონაწილეობა.