სამართალი
პაატა ბურჭულაძე: „ქედს ვიხრი მისი კეთილი საქმეების წინაშე, მაგრამ ივანიშვილი დღეს მხოლოდ აფერხებს ქვეყნის განვითარებას“

 საქართველო, 18 მაისი, საქინფორმი. "ჩემი ოპონენტი არავინაა. ჩემი მიზანია, ქართულ პოლიტიკურ სივრცეში დასრულდეს ერთმანეთის შეურაცხყოფა. შესაბამისად, ამ განცხადებით მე ივანიშვილისთვის შეურაცხყოფა არ მიმიყენებია, მას მხოლოდ სიმართლე ვუთხარი, ანუ ის, რაც ხდება ქვეყანაში" – აღნიშნული განცხადება პოლიტიკური მოძრაობა "სახელმწიფო ხალხისათვის" ლიდერმა პაატა ბურჭულაძემ გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში გააკეთა.

 "ივანიშვილის პრობლემაა ის, რომ სიმართლის მთქმელი არა ჰყავს და სხვა სამყაროში ცხოვრობს, არ იცის, რეალურად რა ხდება ქვეყანაში. ივანიშვილთან ნორმალური ურთიერთობა მაქვს და ისიც თუ მეტყვის, რაში ვცდები, მის შენიშვნას მივიღებ. მან ქვეყნისთვის ბევრი კარგი რამ გააკეთა, ქედს ვიხრი მისი კეთილი საქმეების წინაშე, უამრავ ადამიანს დაეხმარა მართლაც ურთულეს პერიოდში, მაგრამ ივანიშვილი დღეს მხოლოდ აფერხებს ქვეყნის განვითარებას. ის, რასაც დღეს აკეთებს, ერთი ადამიანის კი არა, სახელმწიფოს გასაკეთებელია", – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.