პუბლიკაციები
კობა ბუჩუკური შალვა ნათელაშვილს: სიკეთეზე იფიქრე, სიკეთეზე, უკეთურო!

 კობა ბუჩუკურსა და შალვა ნათელაშვილს შორის დაპირისპირებაა. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც კობა ბუჩუკურმა ნათელაშვილზე „საერთო გაზეთის" ჟურნალისტთან ინტერვიუში ისაუბრა.

 გამოქვეყნებულ ინტერვიუს შალვა ნათელაშვილმა უპასუხა:

 „მე, რა თქმა უნდა, მივეჩვიე კაკანს ჩემი მილიონერობის, ვენაში, ლონდონში, ვაშინგტონში, კალიფორნიაში ჩემი ბინების, სოფელში ჩემი ფუძე სახლის სააკაშვილის მიერ აშენების, საკრებულოს თავმჯდომარეობის გაყიდვის და სხვა მრავალ ცოდვათა შესახებ. ერთი შეხედვით, რაღა უნდა მაკვირვებდეს? არის ასეთი გაზეთუნა  ვითომ ჟურნალისტ, უზნეო ვინმე ხარჩილავას სარდლობით, რომელიც შევარდნაძის დროიდან ჩემი ლანძღვით აკეთებს ფულს. და აი, ახლა ვშლი ამ სიცრუის ანატომიას და ჰოი საოცრებავ, გაუცოცხლებიათ მცხეთა-მთიანეთის 90-იანი წლების კორუმპირებული გუბერნატორი ბუჩუკური, რომელიც ხალხმა ფაქტობრივად გამოვათრიეთ მაშინ კაბინეტიდან, რადგან არაგვის ხეობაში, ფასანაურის მილიონიანი ინტურისტებიდან დაწყებული, ტრასის პირზე რესტორან - მიწის ნაკვეთებით გაგრძელებული, ყველაფერი ჯიბეში მოიქცია, უფრო მეტიც, დუშეთში მიითვისა და ეზოს მიუერთა ილია ჭავჭავაძის სამუზეუმო ადგილი, გაანადგურა ილიას კაბინეტი, მოჭრა ილიას მუხა", - განაცხადა ნათელაშვილმა კობა ბუჩუკურზე.

 აღნიშნულს გამოეხმაურა კობა ბუჩუკური:

 „საერთო გაზეთის" ჩემთან ინტერვიუში ხაზგასმით მივანიშნებდი რომ საქართველოში არ უნდა განვითარდეს „შალიკოიზმი" ანუ არ უნდა მიეცეს აღორძინება დამბეზღებელთა ინსტიტუტს,  მიხეილ სააკაშვილის დამკვიდრებულმა ჩაშვების ინსტიტუტმა არ უნდა პოვოს განვითარება მისივე ხელის ბიჭის შალიკო ნათელაშვილის ევროპაში და ამერიკაში წანწალით... ქართველმა ხალხმა ყოველთვის უნდა გაიხსენოს კრწანისის ომი და უკან გაბრუნებული დამარცხებული აღა-მაჰმად-ხანი, რომელსაც რუსთავ ქალაქამდე  ქართველი და სომეხი გაერთიანებული დამბეზღებელთა ჯგუფი წამოეწია და სიხარულით აუწყა დამპყრობელს, რომ მეფე ერეკლეს მეზარბაზნეები აღარ ჰყავსო! უკან მობრუნებულმა აღა-მაჰმად-ხანმა სამასი არაგველის და სრულიად საქართველოს სახელმწიფოებრიობაც შეიწირა. ახლაც ქართველი შალიკო და სომეხი მიხეილი გაერთიანებული ძალით აბეზღებენ საქართველოს. რის ფასად? ალბათ იმ უშველებელი სიმდიდრის, რომელიც მათ ერთმანეთისათვის თავიანთი პატრონებისაგან მოიპოვეს. ცუდ საქმეს აკეთებთ, გაბოროტებულო გვამებო! საქართველო აღარ დაუბრუნდება წარსულს, აღარ დაუბრუნდება თქვენს მიერ დამკვიდრებულ წამების, ელიტარული კორუფციის, ადამიანების მორალური განადგურების ეპოქას.

 ჩემო შალიკო, შენნაირი მომხვეჭელის და კორუმპირებულის ფეხქვეშ მიწა უნდა იწვოდეს, არსად არასდროს გიმუშავია. არსად შემოსავალი არ გქონია! როგორ მოახერხე ამხელა ქონების, სრა სასახლეების დადგმა ბაზალეთზე? ან როგორ მოახერხე ელიტარულ ადგილებზე ამდენი ქონების შექმნა? ნუთუ გგონია, რომ ჩემთვის ხის მოჭრის დაბრალებით ვინმეს კიდევ მოატყუებ? 20 წლის უკან დაწყებული შენი ეს პროპაგანდა მოძველდა, ნუთუ აღარაფერი გაქვს ახალი დასაბეზღებლად? მე ხე არ მომიჭრია იმ სახლში, სადაც შენ მიუთითებ და არც არასდროს იქაურობა ჩემი არ ყოფილა, მაგრამ შენ რომ საკუთარი თავი მოიჭერი საქართველოსა და საზღვარგარეთ, ნამუსი რომ გქონდეს, ბაზალეთზე წახვიდოდი იმ ახლად აშენებულ ხუთმილიონიან სახლში, ხალხს რომ კიდევ ერთხელ ატყუებ მამა-პაპისეულიაო, შენი მამა-პაპისეული სახლის გვერდით ჩემი დახმარებით უკვე სასახლე ავაშენეთ და იმ სასახლის გვერდით ახალ შენებულ სახლზეა ლაპარაკი. მე გირჩევ, დაამთავრო უაზრო კამათი, დაამთავრო ქვეყნის მსოფლიოში „დაბოზება", თუმცა ამის იქით ხომ შენი ფსიქოლოგიური და ინტელექტუალური შესაძლებლობები არ მიდის?

 ბიძინა ივანიშვილი რომ გალანძღო, კოჭამდე სიმაღლის სიკეთე მაინც უნდა გქონდეს გაკეთებული და შენ რა უფლება გაქვს, თავმოჭრილმა კაცმა ამ სიკეთის პატრონს უკადრებელი აკადრო?ერთხელ მაინც შედი სამებაში, დაანთე სანთელი და უფალს შენდობა შესთხოვე, იმ სამებაში, რომელიც ერს გვირგვინად ბიძინა ივანიშვილმა დაუყვედრებლად აჩუქა. შენ რას აყვედრი ამ ქვეყანას? იმას, რომ ვერც წარსულში ივარგე და ვერც მომავალში ივარგებ? მე და შენ ბევრჯერ შევხვდებით საგაზეთო თუ სატელევიზიო ეთერში. ნელ-ნელა მოგიყვები შენს გაკეთებულ უკეთურობებზე და იმასაც მოგიყვები, როგორ შეგქმენი და როგორი „უძღები შვილი" გამოდექი.

 სიკეთეზე იფიქრე, სიკეთეზე, უკეთურო!" - აღნიშნა კობა ბუჩუკურმა.

reportiori.ge