საზოგადოება
"ახლა მოდაშია, რომ ყველაფერი ბიძინა ივანიშვილს მიაწერონ" - გიორგი ვოლსკი

 საქართველო, 17 მაისი, საქინფორმი. ასე ეხმაურება ე.წ. კაბელების საქმეზე მოსამართლის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებაზე ოპოზიციის რეაქციას ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი და რაიმე სახის პოლიტიკურ ჩარევას ამ საქმეზე კატეგორიულად გამორიცხავს.

 „ნებისმიერი ადამიანისთვის ასეთი მაღალი სასჯელი საკმაო ემოციასთან არის დაკავშირებული და ხშირ შემთხვევაში ემოციები უფრო მეტია, ვიდრე განსჯა საქმესთან დაკავშირებით. არის თემები, რომლებიც პირდაპირ უკავშირდება გარკვეულ პოლიტიკურ პარტიას, პოლიტიკური პარტიების ლიდერებს, მათ შორის არის ე.წ. კაბელების საქმეც. ძალიან ვწუხვარ, რომ ოჯახის მამები ციხეში შეიძლება აღმოჩნდნენ, მაგრამ არის საკითხები, რომელიც სასამართლოს ეხება. არსებობს გასაჩივრების საშუალება და უნდა გამოიყენონ, თუკი არსებობს საფუძველი, - განმარტა ვოლსკიმ.  

 თავდაცვის სამინისტროს ხუთივე მაღალჩინოსანს 7–წლიანი პატიმრობა მიესაჯა. ნუგზარ კაიშაურს, დავით წიფურიას, არჩილ ალავიძეს, გიორგი ლობჟანიძეს და გიზო ღლონტს გამოძიება 4 მილიონამდე სახელმწიფო თანხის გაფლანგვას ედავება.