სამართალი
ისრაელში ქვეყნის თავდაცვის ძალების ყოფილი ოფიცერი გალ ჰირში საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრ დავით კეზერაშვილთან კორუფციული გარიგების საქმეზე დაჰკითხეს

 საქართველო, 17 მაისი, საქინფორმი. როგორც ისრაელის გამოცემა Haaretz წერს, ისრაელის არმიის ყოფილი ბრიგადის გენერალი გალ ჰირში ეჭვმიტანილია კორუფციასა და ფულის გათეთრებაში საქართველოში მისი კომპანიის – Defensive Shield-ის გარიგებებთან დაკავშირებით.

გამოცემის თანახმად, გალ ჰირში და მისი კომპანიის სხვა ოთხი ხელმძღვანელი წინა კვირას დაჰკითხეს საქართველოში საქმიანობასთან დაკავშირებით, რომელიც, ისრაელის პროკურატურის ვარაუდით, შესაძლოა, კორუფციის, ფულის გათეთრებისა და საგადასახადო დარღვევების დანაშაულის ნიშნებს შეიცავდეს.

გალ ჰირში პოლიციის უფროსობის კანდიდატი იყო, თუმცა კომპანია Defensive Shield-თან დაკავშირებული სკანდალისა და დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიების გამო, 2015 წლის სექტემბერში იძულებული გახდა, საკუთარი კანდიდატურა მოეხსნა.

გამოძიება ვარაუდობს, რომ კომპანია Defensive Shield თაღლითობისა და კორუფციის გზით იღებდა ათობით მილიონი დოლარის ღირებულების კონტრაქტებს. კომპანიის წარმომადგენლები კოტრაქტების მოსაპოვებლად ქრთამს საქართველოს ყოფილ თავდაცვის მინისტრს დავით კეზერაშვილს აძლევდნენ. კორუფციული გარიგება კეზერაშვილის მეგობრის შუამავლობით ხდებოდა, რომელიც ჰირშსაც იცნობს.