საზოგადოება
„კაბელების საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილება იქნება ამ რეჟიმის დასრულების დასაწყისი!"- ირაკლი ალასანია

 საქართველო, 17 მაისი, საქინფორმი. ე.წ. კაბელების საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას „თავისუფალი დემოკრატები“ უსამართლოს უწოდებენ. ისინი ამ გადაწყვეტილებას ბიძინა ივანიშვილს უკავშირებენ.

 „ეს იქნება ის გადაწყვეტილება, რაც მის ხელისუფლებას ბოლოს მოუღებს. საზოგადოების და პარტიის საქმედ ვაქცევ, რომ ეს უდანაშაულო ადამიანები რაც შეიძლება მალე გამოვიდნენ ციხიდან, და მეორე, დავასრულოთ ეს რეჟიმი, რომელიც პროკურატურას იყენებს პოლიტიკურ ბერკეტად. ივანიშვილმა ეს 5 ადამიანი ისევ მძევლად აიყვანა პოლიტიკური ზეწოლისთვის“, -  განაცხადა ირაკლი ალასანიამ და იქვე დასძინა: „სიცოცხლის ფასად ვიბრძოლებ, რომ ეს ბიჭები დავიხსნა ტყვეობიდან“.

 „ეს პირდაპირ კავშირშია ამ ხელისუფლებასთან, ივანიშვილი-კვირიკაშვილის მმართველობასთან, შოთაძის პროკურატურასთან, მურუსიძის სასამართლოსთან. ჩვენ ვპირდებით საზოგადოებას, რომ ეს ყველაფერი დასრულდება. როგორ შეიძლება, უდანაშაულო ადამიანები ციხეში ჩასვა, ღმერთის არ გეშინიათ?“ - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

 თავდაცვის სამინისტროს ყოფილ მაღალჩინოსნებს 7–წლიანი პატიმრობა მიესაჯათ. ნუგზარ კაიშაურს, დავით წიფურიას, არჩილ ალავიძეს, გიორგი ლობჟანიძეს და გიზო ღლონტს პროკურატურა 4 მილიონამდე სახელმწიფო თანხის გაფლანგვას ედავება.