სამართალი
სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ქრთამის აღების ფაქტზე ნაძალადევის რაიონის გამგეობის საუბნო სამსახურის უფროსი დააკავა

 საქართველო, 16 მაისი, საქინფორმი. სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ქრთამის აღების ფაქტზე თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ნაძალადევის რაიონის გამგეობის საუბნო სამსახურის უფროსი ვასილ ბექაური დააკავეს.

ბექაურმა ერთ-ერთი სამეწარმეო სუბიექტის მფლობელს თბილისში, ნაძალადევის რაიონში მდებარე დევნილთა საცხოვრებელი კორპუსების სახურავების შესაცვლელად ჩასატარებელი სამუშაოების გადაცემისა და დაფინანსების სანაცვლოდ ქრთამის სახით გარკვეული თანხის გადახდა მოსთხოვა. 2016 წლის აპრილში ვასილ ბექაურმა ქრთამის სახით აიღო 1800 ლარი. 2016 წლის 11 მაისს ბექაურმა იმავე სამეწარმეო სუბიექტის მფლობელისაგან ქრთამის სახით დამატებით მოითხოვა და აიღო 2000 ლარი, რა დროსაც იგი დააკავეს.