პოლიტიკა
„რუსეთთან ურთიერთობისას ვცდილობთ, კონსტრუქციულები ვიყოთ, თუმცა, ეს არ ნიშნავს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების კუთხით ჩვენი სტრატეგიული მიზნების დათმობას“ - პრემიერი კვირიკაშვილი

 საქართველო, 16 მაისი, საქინფორმი. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ლონდონში, ანალიტიკურ ცენტრ Chatham House-ში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 „ჩვენ ვცდილობთ რუსეთთან არსებული დაძაბულობის დეესკალაციას, სავაჭრო და ადამიანებს შორის უშუალო ურთიერთობის ღიაობის უზრუნველყოფას. თუმცა, ეს არ უნდა მოხდეს ჩვენი უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული მიზნების დათმობის ხარჯზე. პოლიტიკური თვალსაზრისით, რუსეთი ანალოგიური მოქმედებებისთვის მზადყოფნას არ იჩენს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 „გრძელდება ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის ადმინისტრაციულ სასაზღვრო გამყოფ ზოლზე მძევლად აყვანის/გატაცების ფაქტები; აფხაზეთში, გალის რაიონში, ეთნიკურად ქართველ მოსახლეობას ეზღუდება განათლების ქართულ ენაზე მიღების უფლება... გამოწვევების მიუხედავად, ვცდილობთ, გავატაროთ ნდობის აღდგენისკენ მიმართული პოლიტიკა, რაც გულისხმობს  აფხაზი და ოსი მოსახლეობისთვის ჯანდაცვისა  და განათლების უფასო სერვისების უზრუნველყოფას. სიამაყით მინდა აღვნიშნო, რომ ნდობის აღდგენისკენ მიმართული ზომები იმედისმომცემ შედეგებს იძლევა“, - განაცხადა, კერძოდ, გიორგი კვირიკაშვილმა.