სამართალი
სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2016“ დაიწყო (ვიდეო)

 საქართველო, 13 მაისი, საქინფორმი. ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე ქართულ-ამერიკული სწავლების - ღირსეული პარტნიორი 2016“-ის გახსნის ოფიციალური ცერემონიალი გაიმართა (ვიდეო იხ. აქ).

 ქართველ, ამერიკელ და ბრიტანელ სამხედროებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა, გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ნიკოლას ბერლინერმა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩმა საქართველოში ალექსანდრა ჰოლ ჰოლმა. მათ ერთობლივი წვრთნების საქართველოში ჩატარების მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება და სამხედროებს წარმატებები უსურვეს. ცერემონიალს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილდაესწრო.

 „ღირსეული პარტნიორის“ გახსნის ცერემონიალი საჩვენებელი სწავლებით გაგრძელდა. 120 ამერიკელმა სამხედრო მოსამსახურემ ამერიკული C-130 ტიპის სამხედრო თვითმფრინავებიდან საჰაერო-სადესანტო ოპერაცია განახორციელა. „ღირსეული პარტნიორის“ გახსნის ოფიციალური ცერემონიალი სწავლებაში ჩართული ამერიკული ტექნიკის - M1A2 ტიპის ტანკების „ABRAMS“ და ქვეითთა საბრძოლო მანქანების „M2 BRADLEY“ ჩავლით დასრულდა.

 ქართულ-ამერიკული სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2016“ საქართველოში წელს მეორედ ტარდება, სწავლებაში 1300 სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს, მათ შორის - 500 ქართველი,  აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობის 650 და 150 ბრიტანელი სამხედრო.