საქართველო, 9 მაისი, საქინფორმი. ქართულ-ამერიკულ სწავლება „Noble Partner 2016”-ში მონაწილეობის მისაღებად გამოგზავნილი ამერიკული მძიმე ტექნიკა უკვე ვაზიანის პოლიგონზე იმყოფება.
M1A2 ტიპის ტანკები „აბრამსი“ და ქვეითთა საბრძოლო მანქანები „ბრედლი" ფოთის პორტში ჩამოიტვირთა და რკინიგზის ეშელონებით ვაზიანის მიმართულებით დაიძრა.
ქართულ-ამერიკული სწავლება „ღირსეული პარტნიორი“ საქართველოში მეორედ ტარდება და ქართული ასეულის ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში (NRF) მონაწილეობისთვის მზადყოფნის ამაღლებას ისახავს მიზნად. სწავლების სცენარი კი სტაბილურობის, შეტევა/თავდაცვის ოპერაციებს ემყარება.
წელს „ღირსეული პარტნიორი“ ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე მეორედ გაიმართება და მასში 1300 სამხედრო მოსამსახურე მიიღებს მონაწილეობას. სწავლებაში 650 - აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობის, 500 ქართველი და 150 ბრიტანელი სამხედრო ჩაერთვება. პირველად საქართველოს შეიარაღებული ძალების ისტორიაში სწავლებაში M1A2 ტიპის ამერიკულ ტანკებს „აბრამსს“ გამოიყენებენ. წვრთნაში ასევე ჩართული იქნება C-130 ტიპის ამერიკული სამხედრო თვითმფრინავი და სხვა ტექნიკა.