სამართალი
სააკაშვილის ცესკოს ორი ყოფილი თავმჯდომარე დღეს „უცებ“ შეშფოთდა შევარდნაძის მმართველობის ხანის „გაბერილი“ სიებით! (საქინფორმი)

 საქართველო, 6 მაისი, საქინფორმი. 4 მაისს ევროპის საბჭოს თბილისის ოფისში საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია არასაპარლამენტო ოპოზიციას შეხვდა.

 „ევროსაბჭოს მომხსენებელთა ჯგუფის ინფორმირება, პოზიციონირება და შემდგომ მათი შეხვედრები ხელისუფლებასთან არის გარკვეული ბერკეტი, რომ ხელისუფლებას დაანახოს ცვლილებების საჭიროება 2016 წლის არჩევნებისთვის, თუ ხელისუფლებას უნდა, რომ ეს არჩევნები ლეგიტიმურ გარემოში ჩატარდეს“, - განაცხადა „მემარჯვენეების“ წარმომადგენელმა მამუკა კაციტაძემ.

 „საერთაშორისო ორგანიზაციებს უფრო სერიოზული ზეწოლა უნდა განეხორციელებინათ იმისათვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ საქართველოში დამთავრდეს საარჩევნო სიაზე საუბარი. ქვეყანაში, სადაც 3 მილიონ-ნახევარი მოსახლეობა არ ცხოვრობს, შეუძლებელია არჩევნებს ატარებდეს 3 მილიონ-ნახევარი ამომრჩევლის სიით და შემდეგ ხელისუფლებას ჰქონდეს პრეტენზია, რომ არჩევნები სამართლიანი და დემოკრატიული“, - აღნიშნა “გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ.

 „იმ მოუქნელობით და სიუჯიუტით, რომლითაც ხელისუფლება ცდილობს, არაფერი არ შეცვალოს საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მომავალი არჩევნების ლეგიტიმურობას“, - აღნიშნა პოლიტიკური გაერთიანება „სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის“ თავმჯდომარემ ზურაბ ხარატიშვილმა.

 საქინფორმი მკითხველს შეახსენებს, რომ მამუკა კაციტაძე და ზურაბ ხარატიშვილი პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რიგრიგობით დანიშნა საქართველოს ცესკოს თავმჯდომარეებად, რათა მათ გაეყალბებინათ არჩევნები მისი პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ, რასაც ისინი კეთილსინდისიერად ასრულებდნენ, იყენებდნენ რა ხათუნა გოგორიშვილის მიერ შექმნილ გაბერილ საარჩევნო სიებს. ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველა არჩევნების მთავარმა გამყალბებელმა, მუდმივად პარალმენტში მყოფმა ნაციონალმა ხათუნა გოგორიშვილმა ეს სიები პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის დასამხობად შექმნა სპეციალური პროგრამით, რომელიც ზურაბ ჟვანიას მიერ მოწვეულმა ამერიკელმა პოლიტტექნოლოგებმა ჩამოიტანეს.

 საქინფორმი და მისი მთავარი რედაქტორი არაერთგზის აღნიშნავდნენ, რომ საქართველოში, სადაც რეალურად მაქსიმუმ 2 მილიონ 300 ათასი კაცი ცხოვრობს (ბავშვებთან ერთად), არაფრით არ შეიძლება იყოს 3 მილიონ 700 ათასი ამომრჩეველი, თუმცა ამ ფაქტს ყურადღებას არავინ აქცევდა. და მხოლოდ დღეს, როცა „ნაციონალური მოძრაობა“ აღარ არის მმართველი პარტია და არახელსაყრელ მდგომარეობაში იმყოფება დანარჩენი რიგითი პარტიების მსგავსად, ისინი „უცებ“ შეაშფოთა სიების რეალობამ, რომლებითაც თავად მანიპულირებდნენ 9 წლის განმავლობაში სააკაშვილის სასარგებლოდ! რისთვისაც დღემდე არ დასჯილან და ციხის ნაცვლად, ინტერფრაქციულ ჯგუფში სხედან...