პუბლიკაციები
„საქართველოს არჩევნების ვაშინგტონის ფრონტი“ – ამერიკელი ექსპერტი ქართულ არჩევნებზე

 "საქართველოს არჩევნების ვაშინგტონის ფრონტი“, ამ სათაურით სტატიას აქვეყნებს კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი, პოლიტიკური ექსპერტი ლინკოლნ მიტჩელი.

 სტატიაში კონგრესმენ სტივ რასელის განცხადებაა შეფასებული.

 მიტჩელი აღნიშნავს, რომ ოკლაჰომელი დეპუტატის გამოსვლა, სავარაუდოდ, არის ნაციონალური მოძრაობის კამპანიის პირველი მერცხალი, რომლის მიზანიცაა ნდობის შერყევა საქართველოს არჩევნებისადმი, რომელშიც „ნაცმოძრაობის“ წევრები,დიდი ალბათობით დამარცხდებიან.

 „კონგრესმენ რასელის გამოსვლა კონგრესშინაცმოძრაობისმხარდაჭერის მისაბაძი მაგალითი უნდა გამხდარიყო, მაგრამ რადგან მისი სიტყვები ასე გაზვიადებული და ალოგიკურიც კი იყო, მას რაიმე საგრძნობი გავლენა არ მოჰყვება“,- ნათქვამია პუბლიკაციაში, რომლის სრულ თარგმანს გთავაზობთ.

 „სტივ რასელი არ არის ცნობილი ფიგურა ამერიკულ პოლიტიკაში. ის ოკლაჰომას კონსერვატიული შტატის მეხუთე ოლქის წარმომადგენელია ქვედა პალატაში. რასელის პირველი ვადა იწურება და, კონგრესის წევრთა უმრავლეობის მსგავსად, წელს, არც მას არ გადაირჩევენ. კონგრესმენებს შორის რასელი გამოირჩევა თავისი ხანგრძლივი (21 წელი საჰაერო ძალებში) და ღირსშესანიშნავი სამხრედო კარიერით. 2014 წელს, რესპუბლიკური პარტიის წინასწარი (შიდაპარტიული) არჩევნების შემდეგ, ის კონგრესმენად აირჩიეს ჯგუფის Tea Party Express მხარდაჭერით. სამხედრო კარიერის წყალობით, ის დაინიშნა წარმომადგენელთა პალატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის ერთ-ერთ მეორეხარისხოვან წევრად. მართალია, აშშ-ში კონგრესმენი რასელი არ არის ცნობილი, მაგრამ საქართველოში ბოლო დღეებში მისი ცნობადობა საკმაოდ გაიზარდა.

 გასულ კვირას რასელი შეიჭრა ქართულ პოლიტიკაში მას შემდეგ, რაც გახსნა საპარლამენტო არჩევნების მეორე ფრონტი. ამ ფრონტზე იბრძოლებენ არა ქართული პოლიტიკური პარტიები, რომელთა მიზანიცაა კავშირი ამომრჩევლებთან და ხმების მოპოვება, არამედ, მათი წარმომადგენლები დასავლეთში, რომლებიც ეცდებიანამ

 არჩევნების კონტექსტის აღწერასა და განმარტებას წამყვანი ევროპელი და ამერიკელი პოლიტიკოსებისთვის, მედიისა და ექსპერტებისთვის. კონგრესმენ რასელის კომენტარი სრულად უნდა მოისმინოთ, რათა ჯეროვნად დააფასოთ რუსეთის აგრესიასთან დაკავშირებული შეშფოთების, პროსააკაშვილისეული აქცენტების, საქართველოს ამჟამინდელი მდგომარეობის არცოდნის და დაბნეულობის და, დოქტორ სთრეინჯლავსაც რომ შეშურდებოდა, ისეთი პარანოიის ნაზავი. ამ კომენტარიდან გამომდინარე, შეიძლება დავასკვნათ, რომ რასელმა, რომელიც არ განიხილება წარმომადგენელთა პალატაში როგორც საგარეო პოლიტიკის მძიმე წონითი კატეგორიის ათლეტი, თავს მისცა უფლება, ჩაერთოს საქართველოში პარტიათა შორის პოლიტიკურ ბრძოლაში. „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა“ და ამერიკელ და ევროპელ მემარჯვენეებს შორის მჭიდრო კავშირების გათვალისწინებით, არ არის გასაკვირი, რომ ეს კომენტარი სწორედ რასელის მსგავსი პოლიტიკური პროფილის მქონე ადამიანმა გააკეთა.

 კონგრესმენ რასელის გამოსვლა კონგრესში „ნაცმოძრაობის მხარდაჭერის“ მისაბაძი მაგალითი უნდა გამხდარიყო, მაგრამ რადგან მისი სიტყვები ასე გაზვიადებული და ალოგიკურიც კი იყო, მას რაიმე საგრძნობი გავლენა არ მოჰყვება. ძნელი წარმოსადგენია, რომ ვაშინგტონში „ნაცმოძრაობის“ თავგამოდებული დასავლელი მხარდაჭერის გარდა, ვინმე წამოეგოს რასელის ანკესზე და დაიჯეროს მისი გამოსვლის მთავარი არგუმენტი, რომ საქართველოს ამჟამინდელი მთავრობა რუსეთის დიდი გავლენის ქვეშ იმყოფება. ეს განცხადება აბსოლუტურად ეწინააღმდეგება დასავლური ინტეგრაციის გზაზე მთავრობის მიერ მიღწეულ სტაბილურ, თუმცა ხშირად, არც თუ ისე სწრაფად მიმდინარე პროგრესს, პროგრესს, რომელიც ეყრდნობა ამჟამინდელი მთავრობის წინამორბედი „ნაცმოძრაობის“ საქმიანობას.

 ამ სურათში ახალი არაფერია. მსგავსი დინამიკა შეიმჩნეოდა 2012 წელს და, ბევრად ნაკლები დოზით, მას შემდეგ საქართველოში ჩატარებული არჩვნების დროს. მეორე მხრივ, მართალია, დღევანდელი სცენარი ოთხი წლის გათამაშებულის მსგავსია, მაგრამ არსებითად მისი სარკის ანარეკლია. ორივე შემთხვევაში, მმართველი პარტია ცდილობს, დაარწმუნოს დასავლეთი, რომ არჩევნები ჩატარდება სამართლიანად, ხოლო ოპოზიცია ცდილობს, დაადგინოს და ყურადღების ცენტრში მოაქციოს არჩევნებთან დაკავშირებული პრობლემები. განსხვავება კი ისაა, რომ დღეს ნაცმოძრაობა ოპოზიციაშია, ხოლო "ქართული ოცნება" მმართველი პარტიაა, მაშინ როცა, 2012 წელს ყველაფერი პირიქით იყო.

 აქედან მომდინარე პრობლემა კი ისაა, რომ ოკლაჰომელი დეპუტატის გამოსვლა, სავარაუდოდ, არის ნაცმოძრაობის კამპანიის პირველი მერცხალი, რომლის მიზანიცაა ნდობის შერყევა საქართველოს არჩევნებისადმი, რომლებშიც ისინი დიდი ალბათობით დამარცხდებიან.
მიუხედავად ბოლო გამოკითხვებისა, რომელთა თანახმად არჩევნები ძალიან დაძაბული იქნება, ბევრ ქართველ პოლიტოლოგთან ჩემი საუბრებიდან გამომდინარე, ნაკლებად სავარაუდოა, რომ „ნაცმოძრაობა“ შეძლებს იმაზე მეტი მხარდამჭერისა და აქტივისტის მოპოვებას, ვიდრე მას 2012 წლის შემდეგ ჰყავს (არსებული ბაზის სიმტკიცეც ხომ იმთავითვე მოულოდნელობა იყო).

 ,,ქართული ოცნების“ მორიგი გამარჯვება 2016 წელს კიდევ უფრო დააკნინებს „ნაცმოძრაობის“ როლს მმართველობაში და შეამცირებს მის გავლენას დასავლეთში.

 თუკი შეუძლებელია ყოფილი მმართველი პარტიის მიმართ ამომრჩეველთა განწყობის შეცვლა, ამის თავიდან აცილების საუკეთესო გზა არის არჩევნების სანდოობის დისკრედიტაცია.

 როგორც გრძელვადიან, ისე მოკლევადიან ჭრილში, ეს მიდგომა საფრთხეს უქმნის და იმთავითვე დიდი ალბათობით აუსრულებელ ვიწროპარტიულ მიზნებს სწირავს საქართველოს დემოკრატიულ მიღწევებს. ეს ეჭვის ქვეშ აყენებს არჩევნების სანდოობას, მიუხედავად იმისა, თუ რა მოხდება არჩევნების დღემდე.

 გარკვეულწილად, ამ პრობლემის გადაჭრა უნდა ვეძებოთ რასელის განცხადებაში, რომელშიც ის მოუწოდებს „აშშ-ის პრეზიდენტს საქართველოში წინასაარჩევნო პროცესების მონიტორინგის მხარდაჭერისკენ ისე, როგორც ეს მოხდა ისტორიული მნიშვნელობის არჩევნების დროს 2003 წელს“.

 ეს არის გონივრული იდეა, რომელიც უნდა გაითავისონ ქართველმა და დასავლელმა პოლიტიკოსებმა მიუხედავად მათი პარტიული კუთვნილებისა.

 სამწუხაროდ, არის საშიშროება, რომ ეს იდეა დაიკარგება უფრო მიკერძოებული პარტიული რჩევების ნაკადში: „აშშ-ის ფინანსთა დეპარტამენტმა უნდა დააყადაღოს ივანიშვილის აქტივები იარაღებით ვაჭრობაში ბრალდებით“, "ჩვენი თავისუფალი პრესის დასავლელმა ჟურნალისტებმა უნდა მისცენ ქართველ ხალხს შესაძლებლობა და გააჟღერონ მათი ხმა, რისთვისაც გამოიძიებენ და გააშუქებენ მომდევნო თვეების მოვლენებს, რომლებიც შეიძლება აღმოჩნდეს საქართველოს რესპუბლიკის არსებობის უკანასკნელი თვეები“.

 როგორც ჩანს, რასელს ავიწყდება, რომ დემოკრატიულ ქვეყნებში (მაგალითად, აშშ-ში) მთავრობა არ უნდა კარნახობდეს მედიას, თუ რა უნდა გააშუქოს მან და რა არა.

 არჩევნების ჩატარებამდე მათი დისკრედიტაციის ტაქტიკა ახალი არ არის და არც ნაცმოძრაობის მოგონილია.

 2012 წელს, "ქართული ოცნება" მსგავს ტაქტიკას ახორციელებდა, თუმცა ამჯერად ნაცმოძრაობის სავარაუდო პოლიტიკის გაიგივება ოცნების 2012 წლის ტაქტიკასთან მცდარი იქნებოდა.

 2012 წელს, ვაშინგტონში, ზოგადად, ითვლებოდა, რომ არჩევნები სათანადოდ მიმდინარეობდა და რომ საქართველოს მთავრობა იყო ქვეყანაში დემოკრატიის მამოძრავებელი ძალა, მიუხედავად საკმარისზე მეტი მტკიცებულებისა, რომ მთავრობა ემიჯნებოდა დემოკრატიას, რომლის უზრუნველყოფის დაპირება მან ოდესღაც დადო.

 დღეს კი, მდგომარეობა განსხვავებულია.

 არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ რასელის გამოსვლა „ნაცმოძრაობის“ ძალისხმევის შედეგია, რომლის მიზანიცაა ამერიკის პოლიტიკური სექტორის დარწმუნება საქართველოში მიმდინარე მოვლენების მისეული [ნაცმოძრაობის] ხედვის სისწორეში. შესაძლებელია, მესამე ძალამ (შეიძლება მოსკოვის მიერ მხარდაჭერილიც კი), ქართული სახელმწიფოს დისკრედიტაციის მიზნით, დაარწმუნა რასელი ამ განცხადების გაკეთების მიზანშეწონილობაში.

 ასევე შესაძლებელია, რომ რასელმა გაიღვიძა ერთ მშვენიერ დღეს და გადაწყვიტა საქართველოზე რუსეთის გავლენის შესახებ ალოგიკური სიტყვების რახარუხი დაეხვავებინა.

 თუმცა, რასელის გამოსვლის ყველაზე დამაჯერებელი ახსნა ის არის, რომ მის უკან ამა თუ იმ ფორმით დგას საქართველოს ყოფილი მთავრობის მხარდამჭერთა ლობირება. თუ მართლა ასეა, ის, რომ ნაცმოძრაობამ ყველასთვის უცნობ კონგრესმენზე უკეთესი ვერავინ იპოვა წინასაარჩევნო სამუშაოების ჩასატარებლად, ნათლად ასახავს ვაშინგტონის შეხედულებებს ქართულ პოლიტიკასთან მიმართებით.

 არჩევნების ლეგიტიმურობის კითხვის ქვეშ დაყენების სტრატეგია გონივრული პოლიტიკური ტაქტიკაა „ნაცმოძრაობის მხრიდან“.

 გარდა ამისა, ეს ტაქტიკა შეიძლება საკმაოდ ეფექტიანიც აღმოჩნდეს ბოლო გამოკითხვების გათვალისწინებით, რომელთა მიხედვითაც ხმები თითქმის თანაბრად განაწილდება.

 ამ მიდგომის პრობლემა, როგორც ის გაჟღერდა რასელის კომენტარში, მდგომარეობს იმაში, რომ "ნაცმოძრაობის" მხარდამჭერები ცდილობენ იმაზე მეტის მოგებას არსებული სიტუაციიდან, ვიდრე ეს მათ რეალურად შეუძლიათ. მართალია, საქართველოს მსგავს ქვეყნებში ყოველთვის შეიძლება გაჩნდეს ეჭვები არჩევნებთან დაკავშირებით, თუმცა, იდეას, რომ ივანიშვილი უპირობოდ ემორჩილება ვლადიმერ პუტინს, არავინ იზიარებს, გარდა თავად ნაცმოძრაობისა და მისი მხარდამჭერებისა ევროპელ და ამერიკელ მემარჯვენეთა შორის. მეტიც, ბოლო წლებში ქართული ოცნების მთავრობამ ნაბიჯ-ნაბიჯ მიაღწია წარმატებას ევროპული და ამერიკული პოლიტიკის ელიტის ძირითადი ნაწილის დარწმუნებაში, რომ ის მართლაც პროდასავლურია და დაინტერესებულია საქართველოს დასავლური და დემოკრატიული კურსის განმტკიცებით.

 სულ უფრო ნათელი ხდება, რომ 2016 წლის არჩევნები წარიმართება რამდენიმე ფრონტზე და რამდენიმე კონტინენტზე.

 მთავრობის საქმიანობის დამატებითი განხილვა და მონიტორინგი მნიშვნელოვანია, რადგან ეს აიძულებს მას, ჩაატაროს სამართლიანი არჩევნები და შეამციროს არჩევნებთან დაკავშირებული დარღვევები. მეორე მხრივ, მთავრობის საქმიანობის განხილვა და ჩაძიება დესტრუქციული დინამიკის მატარებელი იქნება, თუ ის საფუძველს ჩაუყრის ისეთი ნარატივის შექმნას, რომელიც საფრთხეს უქმნის არჩევნების შემდგომ სცენარს, რომლის მიხედვითაც (თუ არჩევნები ჩატარდა თავისუფალ და სამართლიან გარემოში) დამარცხებული მხარე (მიუხედავად იმისა, ვინ იქნება ის) მიიღებს დამარცხებას და სათავეში ჩაუდგება ოპოზიციას პარლამენტში.

 თითქმის ათწლიანი მმართველობის პერიოდში ნაცმოძრაობის ერთ-ერთი ყველაზე ღირსშესანიშნავი მომენტი იყო პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში "ქართულ ოცნებასთან" ცნობილი დამარცხების აღიარება.

 ამ გადაწყვეტილებამ შეუნარჩუნა ნაცმოძრაობას ადგილი და როლი 2012 წლის შემდგომ პოლიტიკურ ცხოვრებაში, მიუხედავად იმისა, რომ ის ქვეყნის სათავეში სხვა პოლიტიკურმა ძალამ ჩაანაცვლა. მიუხედავად ამისა, თუ საქართველოს მთავრობის რეპუტაციის შელახვის კამპანია მომავალშიც, არჩევნების მოახლოების კვალდაკვალ, იქნება "ნაცმოძრაობის" დასავლური სტრატეგიის ბირთვი, კეთილგანწყობა, რომელიც პარტიამ მოიპოვა 2012 წლის არჩევნების შემდეგ, გაქარწყლდება. დასავლეთი ასრულებს გარკვეულ როლს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებაში, რისთვისაც მან უნდა განახორციელოს ზეწოლა საქართველოს მთავრობაზე, რათა ამ უკანასკნელმა შეასრულოს თავისი დაპირებები. ეს იქნება მნიშვნელოვანი წვლილი საქართველოს დემოკრატიის განმტკიცებაში.

 მეორე მხრივ, საქართველოს შიდაპარტიულ პოლიტიკაში ჩართვა და, ნებსით თუ უნებლიეთ, ერთ-ერთი ანგარიშგასაწევი პარტიის სასაუბრო პუნქტების გამეორება, ბევრს ვერაფერს არგებს საქართველოს“.

metronome.ge