აქტუალური
თავდაცვის უწყების თანამშრომლებისთვის ARMY CARD შეიქმნა

 საქართველო, 6 მაისი, საქინფორმი. საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ახალი პროექტი დაიწყო – საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებისთვის სახელფასო ბარათი ARMY CARD შეიქმნა.

 ვაზიანში, IV მექანიზებული ბრიგადის საკონფერენციო დარბაზში საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და სს “საქართველოს ბანკს” შორის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა და სს “საქართველოს ბანკის” გენერალურმა დირექტორმა მურთაზ კიკორიამ მოაწერეს.

 „განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო „საქართველოს ბანკს“, ყველა იმ კომპანიას, რომელმაც მხარდაჭერა გამოხატა თავდაცვის სამინისტროს მიერ წამოწყებული კამპანიის მიმართ.  ჩვენ ე.წ. „ჯარის ბარათები“ – ARMY CARD შევქმენით, რითაც სამხედრო მოსამსახურეებს ვეუბნებით - „მადლობა სამსახურისთვის“. მადლობა სამსახურისთვის  გამოიხატება კონკრეტულ შეღავათებში, ფასდაკლებებში“, - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.