აქტუალური
ბაქომ ერევანი მთიან ყარაბაღთან დაკავშირებით პროვოკაციაში დაადანაშაულა

 საქართველო, 5 მაისი, საქინფორმი. სომხეთის ხელისუფლების მიერ მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ დოკუმენტის განხილვა პროვოკაციაა, განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ, საგარეო ურთიერთობათა განყოფილების გამგემ ნოვრუზ მამედოვმა.

 “ეს სომხეთის ხელმძღვანელობის მორიგი პროვოკაციაა. როგორც ჩანს, ეს გახლავთ აპრილის დასაწყისში განხორციელებული პროვოკაციის გაგრძელება. მათ იცოდნენ, რომ პასუხს მიიღებდნენ. მათი ძირითადი მიზანი იყო, ესარგებლათ ამით და მოლაპარაკების პროცესი დაერღვიათ, სტატუს-კვო შეენარჩუნებინათ”, - თქვა მან სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო “აზერტაჯთან” ინტერვიუში.

 “ვფიქრობ, თანათავმჯდომარეებმა (ეუთო-ს მინსკის ჯგუფის - სს) აუცილებლად უნდა გამოხატონ თავიანთი დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ”, - ხაზი გაუსვა მამედოვმა.

 სამშაბათს ცნობილი გახდა, რომ სომხეთის მთავრობა 5 მაისს სხდომაზე განიხილავს კანონპროექტს თვითგამოცხადებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ.