უცხოეთი
ჩურკინი: „სიმართლე გითხრათ, ვერც გავიგე, რისთვის ჩამოვიდნენ ისინი“ – დასავლეთის ქვეყნებმა უკრაინის საკითხში რუსეთის წინადადება უგულებელჰყვეს

 საქართველო, 3 მაისი, საქინფორმი. გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე, სადაც უკრაინის კონფლიქტის გადაჭრის საკითხი განიხილებოდა, დასავლეთის ქვეყნებმა უარყვეს რუსეთის მიერ წარმოდგენილი განცხადების პროექტი მინსკის შეთანხმების მხარდასაჭერად კონფლიქტის დარეგულირების საქმეში.

 იმავე სხდომაზე რუსეთმა მოუწოდა, გამოეძიებინათ ოდესაში 2014 წლის 2 მაისს მომხდარი ტრაგედია.

 გაეროში რფ–ის წარმომადგენელმა ვიტალი ჩურკინმა განაცხადა, რომ მინსკის შეთანხმების შესასრულებლად ღონისძიებების კომპლექსის რეალიზაცია წარმოადგენს შეიარაღებული კონფლიქტის დარეგულირების ერთადერთ გზას სამხრეთ–აღმოსავლეთ უკრაინაში.

 თუმცა, უკრაინის, აშშ–ის, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის დელეგაციებმა უარყვეს რუსეთის წინადადება. კერძოდ, აღნიშნეს, რომ არ არსებობს წინადადებები რუსეთში გასამართლებული ყოფილი უკრაინელი სამხედრო ნადეჟდა სავჩენკოსა და ასევე, ყირიმში არსებული სიტუაციის შესახებ. რაზეც ჩურკინმა მიუგო, რომ რუსეთი არ აპირებს ყირიმის თემის განხილვას, რადგან „ეს რუსეთის ფედერაციის საშინაო საქმეს წარმოადგენს“.

 აღსანიშნავია, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა უკრაინული მხარის ინიციატივით იქნა მოწვეული.

 „სიმართლე გითხრათ, ვერც გავიგე, რისთვის ჩამოვიდნენ ისინი აქ, რისთვის მოიწვიეს სხდომა, რადგან არაფერი კონსტრუქციული არ უთქვამთ... მოკლედ, საკმაოდ უცნაური ღონისძიებაა“, – ციტირებს ТАСС ვიტალი ჩურკინს.