სამართალი
„ბახტაძე რამიშვილისგან გადაცემაში კონკრეტული მოსამართლეებისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების მიწვევას ითხოვდა“ – არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება

 საქართველო, 3 მაისი, საქინფორმი. არასამთავრობო ორგანიზაციები ეხმაურებიან ჟურნალისტ შალვა რამიშვილის მიერ გამოქვეყნებულ შარშანდელ ვაიბერ-მიმოწერას, სადაც იგი და ტელეკომპანია “იმედის” გენერალური დირექტორი 18 დეკემბრის გადაცემა “პოლიტიკას” გეგმავენ.

 „მიმოწერიდან ირკვევა, რომ ტელეარხის გენერალური დირექტორი ბატონი ბახტაძე ჟურნალისტს გადაცემაში მოსამართლეებისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კონკრეტული წევრების მიწვევას სთხოვს. ესენი არიან: თამარ ალანია, მერაბ გაბინაშვილი, დიმიტრი გვრიტიშვილი და გიორგი ტყავაძე.

 როგორც ჩანს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ლევან მურუსიძე პირადად იყო ჩართული გადაცემის სტუმრების შერჩევაში, ამასთან, საუბარია მიწვეული სტუმრების მიერ დასასმელი შეკითხვების წინასწარ შეთანხმებასა და დაგეგმვაზეც. სამწუხაროდ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი და გადაცემაში მონაწილე მოსამართლეები შეგნებულად ახდენდნენ რეალობის დამალვასა და საზოგადოებისთვის მცდარი წარმოდგენების შექმნას. გადაცემაში მონაწილე მოსამართლეებს არცერთი კრიტიკული კითხვა არ დაუსვამთ და არცერთი პრობლემური საკითხი არ წამოუჭრიათ.

 მიგვაჩნია, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შესაბამისმა წევრებმა საჯარო განმარტებები უნდა გააკეთონ. ამასთან, მოვუწოდებთ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, ღია სხდომაზე განიხილოს აღნიშნული საკითხი“, - ნათქვამია, კერძოდ, აღნიშნულ განცხადებაში.