უცხოეთი
ლავროვის განცხადებით, რფ-ს საზღვრებთან NATO-ს მიახლოებას, მოსკოვი სამხედრო-ტექნიკური ზომებით უპასუხებს

 საქართველო, 3 მაისი, საქინფორმი. რუსულ საფრთხეებზე საუბრის ფონზე, მოსკოვიდან მორიგი მუქარა ისმის. რუსეთის პირველი დიპლომატის მწვავე შინაარსის განცხადება ნატო-ში ინტეგრაციას უკავშირდება.

 შვედურ გამოცემა Dagens Nyheter-თან ინტერვიუში სერგეი ლავროვი ამბობს, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ინფრასტრუქტურის რუსეთის საზღვრებთან განთავსებას მოსკოვი სამხედრო-ტექნიკური ზომების მიღებით უპასუხებს.

 რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ნებისმერ ქვეყანას უფლება აქვს, საკუთარი უსაფრთხოების დაცვის ფორმა თავად აირჩიოს, მაგრამ ალიანსისთვის გასაგები უნდა იყოს ისიც, რომ მის გაფართოებაზე რუსეთს ადეკვატური რეაქცია ექნება.

 „ნატო- დაუსრულებელი გაფართოება, ეს ნებისმიერი ქვეყნის უფლებაა, თავად აირჩიოს საკუთარი უსაფრთხოების დაცვის ფორმა, იქნება ეს ორმხრივი თუ მრავალმხრივი გაერთიანებები, თუმცა, ალიანსისთვის გასაგები უნდა იყოს, თუ ნატო- სამხედრო ინფრასტრუქტურა მიუახლოვდება რუსეთის საზღვრებს, ბუნებრივია, მივიღებთ აუცილებელ სამხედრო ტექნიკურ ზომებს, როგორც ამბობენ, რადული არაფერია, უბრალოდ ბიზნესი“, - განაცხადა ლავროვმა.

 სერგეი ლავროვმა ინტერვიუში ბალტიის პირეთის ქვეყნებზეც ილაპარაკა და ისინი აგრესიულ რუსო-ფობიურ სახელმწიფოებად მოიხსენია. ,,ბალტიის ქვეყნები NATO-საც კი აიძულებენ ანტირუსულ კურსს მიყვეს“, - დასძენს ლავროვი.

 შვედეთის პრემიერის მხრიდან ლავროვის კომენტარი უადგილო განცხადებად შეფასდა. ინტერვიუს ამ ნაწილს ნეგატიური რეაქცია მოჰყვა ადგილობრივი ოპოზიციისგანაც, რომელიც დიპლომატისგან ახსნა-განმარტებებს მოითხოვს.

 მუქარას ეხმაურებიან თბილისშიც. სახელმწიფო მინისტრი ქვეყნის ევროპული არჩევანის ურყევობაზე საუბრობს და ლავროვს ახსენებს, რომ საქართველოს ნატოში ინტეგრაცია მოსკოვისთვის საფრთხის შემცველი არ არის.