საქართველო, 28 აპრილი, საქინფორმი. უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ოდესაში ათასამდე სამართალდამცველის შეყვანის ბრძანება გასცა. ინფორმაციას უკრაინული „უნიანი“ ოლქის გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილზე დაყრდნობით ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, სამართალდამცველები ოდესაში მაისის დღესასწაულებზე წესრიგის უზრუნველსაყოფად შევიდნენ.
„პრეზიდენტმა ნაციონალური პოლიციის ხელმძღვანელსა და ნაციონალური გვარდიის მეთაურს დაავალა ოდესაში დამატებით 1000-კაციანი შემადგნელობის შეყვანა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით“, - წერს სააკაშვილი „ფეისბუქზე“.
ასევე, „უნიანი“ წერს, რომ მანამდე ოდესის გუბერნატორმა პრეზიდენტს ოლქში ნაციონალური გვარდიის შეყვანა სთხოვა, რადგან არსებობდა სახელმწიფო გადატრიალების ნიშნები. როგოც ცნობილია, გუშინწინ მერიის წინ გაშლილი კარვების ქალაქი დაარბიეს, რომელიც ქალაქის მერის გენადი ტრუხანოვის წინააღმდეგ იყო მიმართული. ასევე, ერთერთ ბანკს ნაღმტყორცნიდან ესროლეს ჭურვი.