სამართალი
სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ბაღდათის გამგებელი დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვის ფაქტზე დააკავა

 საქართველო, 27 აპრილი, საქინფორმი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვის ფაქტზე ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგებელი ირაკლი გეგეშიძე დააკავეს.

 სსიპ “თვითმმართველი ერთეული ბაღდათის მუნიციპალიტეტმა” 2015 წლის 26 თებერვალს გამოაცხადა გამარტივებული ელექტრონული ტენდერი ბაღდათი - ზეგანი - საკრაულას დამაკავშირებელი გზის ნაწილის სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებაზე, რომელშიც გაიმარჯვა შპს ,,ქვენიფნელმა“, რომელთანაც ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგებელმა 2015 წლის 20 აპრილს 950 000 ლარის სამუშაოების შესრულებაზე N48 ხელშეკრულება გააფორმა.

 ირაკლი გეგეშიძემ შესრულებული სამუშაოების საბოლოო მიღება-ჩაბარება განახორციელა მიღება-ჩაბარების მუდმივმოქმედი კომისიის გვერდის ავლით და შპს „ქვენიფნელს“ გადაურიცხა სამუშაოების შესრულებისათვის გადასახდელი მთლიანი თანხის დარჩენილი ნაწილი 227 654,80 ლარი, რაც გაფლანგა.