უცხოეთი
რფ–ის თავდაცვის სამინისტრო რუსეთს „ფერადი რევოლუციისგან“ დაიცავს

 საქართველო, 26 აპრილი, საქინფორმი. რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანატოლი ანტონოვმა განაცხადა, რომ ნატო ცდილობს მოსკოვსა და მის მოკავშირებს შორის განხეთქილება შეიტანოს.

 „ალიანსი ОДКБ-ს ქვეყნებშიც ცდილობს თავისი პოლიტიკის გატარებას. არის მორალური ზეწოლა, მცდელობა დაარწმუნონ მოსახლეობა, რომ „რუსები ცუდები არიან“, ამიტომ აუცილებელია ევროპულ დემოკრატიაზე ორიენტაცია. ნატოს მიზანი ერთია - შეიტანოს განხეთქილება რუსეთსა და მის მოკავშირეებს შორის, მოგვწყვიტოს ერთმანეთს“, - განაცხადა ანტონოვმა.

 მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ უკრაინული სცენარი არის „ფერადი რევოლუციებისა“ და „დემოკრატიის გავრცელების“ კონცეფციის რეალიზების მცდელობა. ანტონოვის თქმით, „ფერადი რევოლუციების პრობლემას“ აუცილებელია დაეთმოს მეტი დრო, გამოინახოს ამ ფენომენის ფესვები და მასთან ბრძოლის გზები.

 „პირობითად რომ ვთქვათ, უნდა მოვაკლოთ ფიჩხი იმ ცეცხლს, რომელზეც, დასავლელი მზარეულების რეცერპტით, დიდი პოლიტიკა იხარშება. არ ღირს დაველოდოთ ქვაბის სახურავი როდის ავარდება ჰაერში და დაიწყება მორიგი კრიზისი... რა მიზნები აქვს და ვის აწყობს, უკვე კარგადაა ცნობილი წინა „ფერადი რევოლუციებიდან“, - განაცხადა ანოტონოვმა.

 რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ „ფერადი რევოლუციების პრობლემა“  რუსეთმა ОДКБ-ს და შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის ქვეყნებთან ერთად უნდა გადაწყვიტოს.

 შეგახსენებთ, რომ ОДКБ (Организация Договора о коллективной безопасности - კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაცია) რუსეთმა 1992 წელს პოსტსაბჭოთა სივრცის კონტროლისათვის და  ნატოს საპირწონედ ჩამოაყალიბა. ამ სამხედრო ბლოკის წევრები არიან რუსეთი, სომხეთი, ბელარუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი.

 შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია კი 2001 წელს ჩინეთისა და რუსეთის ინიციატივით შეიქმნა. მისი წევრები არიან ჩინეთი, რუსეთი, ყაზახეთი, ტაჯიკეთი, ყირგიზეთი და უზბეკეთი.