საზოგადოება
"პირდაპირ ეთერში რომ არ ვიყო, ვიტყოდი, ვის აქვს გაყინული" - ზურაბ ტყემალაძე აშშ-ის კონგრესში გაკეთებულ განცხადებას პასუხობს

 საქართველო, 25 აპრილი, საქინფორმი.  შეერთებული შტატების კონგრესში საქართველოს და ბიძინა ივანიშვილის შესახებ კონგრესმენ სტივ რასელის მიერ გაკეთებულ განცხადებებს საქართველოს პარლამენტში აფასებენ. კონგრესმენმა სტივ რასელმა საქართველოს ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი გააკრიტიკა და მისი ანგარიშების გაყინვა მოითხოვა.

 "პირდაპირ ეთერში რომ არ ვიყო, ვიტყოდი, ვის აქვს გაყინული და რა გაყინულ ჭკუაზეა საუბარი. ამერიკაში ძალიან ბევრი კონგრესმენია. ყველას აქვს თავისი აზრის გამოხატვის უფლება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მათი ნათქვამი კანონია და ამ კანონს უნდა დავემორჩილოთ ყველა", - განაცხადა ფრაქცია “ქართული ოცნება - მრეწველების” მდივანმა ზურაბ ტყემალაძემ.

 „საინტერესო იქნება, ვკითხოთ ბატონ კონგრესმენს, რის საფუძველზე გააკეთა მან ეს განცხადებები, რა ფაქტებს ეყრდნობა“, - აღნიშნა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ თედო ჯაფარიძემ.

 “ნაციონალურ მოძრაობაში” კი აცხადებენ, რომ ყველაფერს გააკეთებენ ოლიგარქიული მმართველობის დასრულებისთვის.

 „ბიძინა ივანიშვილი არის რუსული პროექტი, პუტინის პროექტი და ის საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ საქართველოს, არამედ რეგიონულ უსაფრთხოებას და ამიტომ ეს არის მოწოდება იმისათვის, რომ პუტინის ეს იარაღი იყოს უვნებელყოფილი“, - განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა სერგო რატიანმა.