პოლიტიკა
„რუსეთთან მიმართებაში საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა არის ფრთხილი და პრაგმატული, ესაა მინიმალური კონფრონტაცია, მინიმალური კომპრომისი და მაქსიმალური მოლაპარაკებები“

 საქართველო, 25 აპრილი, საქინფორმი. კვირიკაშვილის გამოსვლაში იყო ორი ციტატა, რომელიც ისტორიაში შეტანის ღირსია, - აცხადებს პოლიტოლოგი ვალერიან გორგილაძე.

 გორგილაძემ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე გამოსვლიდან კვირიკაშვილის აღნიშნული ორი ციტატა დაასახელა - საქართველო ნაწილობრივ ოკუპირებულია, მაგრამ მთლიანად არის ევროპაში"; "საქართველო ვერ გათავისუფლდება, თუ გაჭირვებული იქნება”.

 “ძალიან მნიშვნელოვანი იყო გამოსვლის ის ნაწილი, რომელიც საქართველოს ევროპულ არჩევანს ეხებოდა - ჩვენ ბევრი რამ გავაკეთეთ და ველოდებით სამართლიან გადაწყვეტილებას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით”, - განაცხადა გორგილაძემ.

 მისი თქმით, პრემიერის გამოსვლაში კონფრონტაციის სურვილი არ ჩანდა.

 “ის, რომ ხელისუფლება მოქალაქეებს ჯიბეში ხელს უყოფდა, აპატიმრებდა, აშანტაჟებდა; ის, რომ საქართველო პატიმრების რაოდენობით პირველ ადგილს იკავებდა, ფაქტების კონსტატაციაა და არა -კონფრონტაცია”, - მიაჩნია პოლიტოლოგს.

 მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთთან მიმართებაში ხელისუფლების პოლიტიკას სრულად იზიარებს.

 “ეს არის ფრთხილი, პრაგმატული პოლიტიკა, რომელიც ტაქტიკურად გამართლებულია. ესაა მინიმალური კონფრონტაცია, მინიმალური კომპრომისი და მაქსიმალური, სხვადასხვა ფორმატების გამოყენებით შედეგზე ორიენტირებული მოლაპარაკებები”, - განაცხადა ვალერიან გორგილაძემ.